მთავარი » ჯანდაცვა » საყოველთაო ჯანდაცვა » „მოსახლეობას კარგად ახსოვს ის დრო, როდესაც სახელმწიფო კლინიკები არარეალისტური ტარიფებით ოპერირებდნენ“

„მოსახლეობას კარგად ახსოვს ის დრო, როდესაც სახელმწიფო კლინიკები არარეალისტური ტარიფებით ოპერირებდნენ“

მოსახლეობას კარგად ახსოვს ის დრო, როდესაც სახელმწიფო კლინიკები არარეალისტური ტარიფებით ოპერირებდნენ და ჩვენ არ გვინდა უკან დავბრუნდეთ – ამის შესახებ „ევექსი ჰოსპიტლების“ დირექტორის მოადგილემ სტრატეგიული მიმართულებით ეკატერინე ქავთარაძემ განაცხადა.

შეგახსენებთ: ჯანდაცვის სამინისტრო კლინიკებს სთავაზობდა, რეანიმაციის სტანდარტის დაკმაყოფილების შემთხვევაში, ამ სერვისზე ტარიფების ინდექსაციას წლის ბოლომდე, დიარჯის ამოქმედებამდე მოეხდინა. თუმცა მოგვიანებით მინისტრის მოადგილემ ილია ღუდუშაურმა განაცხადა, რომ, სამწუხაროდ, რამდენიმეთვიანი კონსულტაციების შედეგად კლინიკების მხრიდან ვერ მიიღეს კონკრეტულ შეთავაზებაზე პასუხი და შეჯერებული პოზიცია, რომ ისინი ამ განახლებულ და გაუმჯობესებულ სტანდარტებს დააკმაყოფილებენ.

“რადგანაც უკვე დიარჯი მეთოდოლოგიაზე გადასვლა მოახლოვდა და ფაქტობრივად თვენახევარში ვგეგმავთ, იგივე რეანიმაციული და კარდიოლოგიური მიმართულებით დიარჯიზე გადავალთ, ვთვლით, რომ ამ ეტაპზე ინდექსაცია აზრს მოკლებულია. თუმცაღა თუ ამ თვენახევრის განმავლობაში რომელიმე კლინიკა ამ განახლებულ სტანდარტს დააკმაყოფილებს, ჩვენ განსხვავებული ტარიფის შეთავაზებას კვლავ ძალაში ვტოვებთ. თუმცა რეალობიდან რომ გამოვიდეთ, ეს თითქმის შეუძლებელია, რადგანაც განახლებული სტანდარტი მოითხოვს როგორც შინაარსობრივ, ისე ინფრასტრუქტურულ გაუმჯობესებას, რასაც დრო სჭირდება და ფიზიკურად წარმოუდგენელია, რომ სექტემბრამდე რომელიმე კლინიკამ დააკმაყოფილოს ეს სტანდარტი. თუმცა თუ ასეთი მოთხოვნა დადგება და რომელიმე კლინიკა ამ სტანდარტს დააკმაყოფილებს, კიდევ ერთხელ შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ განსხვავებული ტარიფის შეთავაზება შეგვიძლია. ეს ეხება მხოლოდ რეანიმაციას, “ – განაცხადა ილია ღუდუშაურმა.

კლინიკები კი აცხადებენ, რომ ინდექსაციის გარეშე, ძველი ტარიფებით ოპერირების  შესაძლებლობა სექტორს უკვე ეწურება.

ეკატერინე ქავთარაძე აცხადებს, რომ არარეალისტურად დაბალი ტარიფებით ოპერირება დარგს განვითარების საშუალებას არ აძლევს და აუცილებელია ტარიფების მოკლე ვადაში ინდექსაცია.

„ჩვენმა ქვეყანამ გამოიარა ის დრო, როდესაც სახელმწიფო კლინიკები არარეალისტური ტარიფებით ოპერირებდნენ და სადამდე მივედით, ალბათ კარგად ახსოვს ჩვენს მოსახლეობას, როდესაც ჰოსპიტლების ინფრასტრუქტურა, ინფექციის კონტროლის პირობები ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებდა. ზუსტად იმიტომ, რომ დღეს ჩვენ აღარ გვინდა უკან დავბრუნდეთ და პირიქით – გვინდა, რომ საქართველოს მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი იყოს ჯანდაცვის ყველა ის პროდუქტი, რომელიც განვითარებადი ქვეყნებისთვისაა ხელმისაწვდომი, აუცილებელია, რომ ტარიფი ერთის მხრივ ხარისხიანი მომსახურების გაზრდის შესაძლებლობას იძლეოდეს და მეორეს მხრივ, სექტორს შესაძლებლობას აძლევდეს, განავითაროს სერვისები საქართველოში. ანუ მოახდინოს რეინვესტირება ასევე სექტორში,“ – განაცხადა ქავთარაძემ.

მისი თქმით, ახლა ყველაფერი ვადებზეა დამოკიდებული, რადგან ინდექსაციის მექანიზმი, როგორც მოკლევადიანი გადაწყვეტილება, ზუსტად იმიტომ იყო შეთავაზებული პოლიტიკის განმსაზღვრელი პირებისთვის, რომ ყველაზე მოკლე ვადაში (რაც თავად სამინისტროს პოზიციაც იყო) იყო შესაძლებელი, სექტორი კოლაფსური სიტუაციიდან გამოსულიყო.

ეკატერინე ქავთარაძის თქმით, სექტორმა რომ წლის ბოლომდე ინდექსაციის გარეშე გაძლოს, ნიშნავს, რომ თავად უნდა დააფინანსოს ყველა დარჩენილი თვე, ანუ დამატებითი სამუშაო კაპიტალის მობილიზება უნდა განახორციელოს. მეორე, რასაც ქავთარაძე ხაზს უსვამს, ნდობის საკითხია. ის ამბობს, რომ კლინიკური სექტორი ყოველთვის ასრულებს მის ვალდებულებას, მაგრამ ბოლო ორი წლის განმავლობაში, რაც სამინისტროსთან ამ თემებზე აქტიური კომუნიკაცია მიმდინარეობს, უწყების მხრიდან არცერთი შემხვედრი ნაბიჯი არ ყოფილა გადადგმული.

ამ კონტექსტში ეკატერინე ქავთარაძე ექთნების საკითხსაც ეხება და ამბობს, რომ ხდება  ექთნების კონკურენტული რესურსის უცხოეთში გადინება და ეს თანამშრომლები რომ შეენარჩუნებინა, „ევექსმა“ ამ მიმართულებით 5 მილიონი ლარი გამოყო იმ დაშვებით, რომ სამინისტრო გაითვალისწინებდა დარგში შექმნილ სურათს.

„თუ არ გაითვალისწინებენ ამ კრიზისულ მდგომარეობას, ეს სიტუაცია წლის ბოლოს ძალიან სერიოზული საფრთხის წინაშე დააყენებს სექტორს,“- აღნიშნა „ევექსი ჰოსპიტლების“ დირექტორის მოადგილემ.

იხილეთ ასევე

10 წლის განმავლობაში იშვიათი დაავადებების პროგრამის ბიუჯეტი გაათმაგდა

„ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს 23 მიზნობრივ სახელმწიფო პროგრამას, რომელთა საშუალებით, 2022 წელს, 600 000-ზე მეტი ბენეფიციარისთვის, …