ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, ქვეყანაში მოქმედ სამედიცინო დაწესებულებებში საერთაშორისო აკრედიტაციისა და სტანდარტების დასანერგად, კონსულტაციებს მართავს. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ამ მიზნით, მინისტრი ზურაბ აზარაშვილი ჯანდაცვის აკრედიტაციის საერთაშორისო ორგანიზაცია Joint Commission International (JCI)-ის რეგიონულ მმართველ დირექტორს მურატ ქუჩუკაის შეხვდა.
“JCI პაციენტთა ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვის ხარისხის გასაუმჯობესებლად მუშაობს და პარტნიორებს სხვა მომსახურებებთან ერთად, საერთაშორისო აკრედიტაციას, საკონსულტაციო და სერტიფიცირების სერვისებს სთავაზობს.
შეხვედრაზე, მხარეებმა, კლინიკებში მაღალი სტანდარტების აუცილებლობასა და მსოფლიოში აღიარებული ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის აკრედიტაციის სტანდარტებზე ისაუბრეს. ასევე, განიხილეს საქართველოში მათი დანერგვის სტრატეგია და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.
როგორც ზურაბ აზარაშვილმა აღნიშნა, სამინისტროს პრიორიტეტია, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულ კლინიკებში, მოქალაქეებმა, მაღალი ხარისხის, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მომსახურება მიიღონ, რასაც უწყების 2020-2030 წლების სტრატეგიაც ითვალისწინებს.
პროცესების მაქსიმალური ეფექტურობისთვის, სამინისტროს წარმომადგენლები შეხვედრებს მართავენ საქართველოში მოქმედი სამედიცინო დაწესებულებების წარმადგენლებთან,” – აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.