ჯანდაცვის ასოციაციაში შემავალი კლინიკებისთვის ჯანდაცვის მინისტრის განცხადება სიახლე იყო და ეს იქნება დიდი დარტყმა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილე სამედიცინო დაწესებულებებისთვის – ასე ეხმაურება ასოციაციის ხელმძღვანელი ნინო კიკნაძე მინისტრ ზურაბ აზარაშვილის განცხადებას, რომლის თანახმადაც „დიარჯი“ სისტემის შემოღებამდე ტარიფების ინდექსაცია არ იქნება.
მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ გული წყდება, რომ კლინიკების მხრიდან აპელირება მხოლოდ ფინანსურ ნაწილზე ხდება.
„ჩვენ მხოლოდ ფინანსურ მხარეს არ ვჯერდებით და მნიშვნელოვანია ხარისხი იყოს ადეკვატური და არაფინანსური ნაწილიც იყოს მოწესრიგებული. იყოს დაკმაყოფილებული სტანდარტები, რომელსაც კლინიკებს ეტაპობრივად მოვთხოვთ,“ – აღნიშნა აზარაშვილმა.
ნინო კიკნაძის თქმით, მინისტრის ეს განცხადება კლინიკებისთვის სიახლე იყო, რადგან მანამდე კლინიკები ელოდებოდნენ, რომ რეანიმაციის ტარიფების ინდექსაცია მოხდებოდა და სწორედ ასეთი იყო შეთანხმება მინისტრის მოადგილეებთან.
„ინდექსაცია არის ერთერთი უმნიშვნელოვანესი თუნდაც იმიტომ, რომ პაციენტის მომსახურების ხარისხზე ყველაზე მეტად საბოლოო ჯამში აისახება სწორედ არასაკმარისი ტარიფები.
2013 წლის შემდეგ ჰოსპიტალურ მომსახურებაზე ხარჯების ზრდა მნიშვნელოვნად განაპირობა როგორც იმპორტირებული ინვენტარის და სამედიცინო აღჭურვილობის გაძვირებამ, ასევე კომუნალური გადასახადების ზრდამ და ტარიფები არათუ გაიზარდა, 2019 წლის 520-ე დადგენილების საფუძველზე შემცირდა,“- აღნიშნა კიკნაძემ.
მისი თქმით, დაწესებული ტარიფები ხშირ შემთხვევაში გაწეული მომსახურების ხარჯს ვერ ფარავს.
„მინისტრმა ბრძანა, რომ ერთერთი უმნიშვნელოვანესი არის პაციენტის მომსახურების ხარისხი და ხარისხის დარეგულირება შემოწმებით და მონიტორინგით, რასაკვირველია, არ მოხდება,“ – აღნიშნა ჯანდაცვის ასოციაციის ხელმძღვანელმა.
მისი თქმით, მინისტრის დღევანდელი განცხადების შემდეგ სექტორი სამოქმედო ნაბიჯებზე ჩამოყალიბდება.