დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე მოქალაქეებს ვაქცინაციისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ დღესდღეობით ქვეყანაში იმუნური ფენა შემცირებულია.
„მთავარი რეკომენდაცია არის აცრა. ჩვენთან იმუნური ფენა შემცირდა. იმუნური ფენა მაღალი გქვონდა მარტში, მოსახლეობის 85 პროცენტს ჰქონდა იმუნური პასუხი. ეს განპირობებული იყო როგორც აცრებით, ასევე გადატანით. ამიტომ შედარებით მარტივად გავიარეთ აპრილი, მაისი, ივნისის პირველი ნახევარი. მოგეხსენებათ, იმუნიტეტი გარკვეული პერიოდის, 5-6 თვის შემდეგ თანდათან მცირდება – იქნება ეს აცრა, თუ გადატანა, ამიტომ დღეს ქვეყანაში იმუნური ფენა შემცირებულია. მთავარი რეკომენდაციაა, მაღალი იმუნური ფენით შევხვდეთ შემოდგომას. ვინც არ არის აცრილი, უნდა აიცრას. ვინც აცრილია ორჯერ, მათ უნდა გაიკეთონ ბუსტერი, ვინაიდან ბუსტერი სერიოზულად იცავს ქვეშტამებისგან. მესამე დოზა შეუძლია, გაიკეთოს ყველა მსურველმა 18 წლის ზემოთ“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
გარდა ამისა, ამირან გამყრელიძემ ისაუბრა, რა შემთხვევაში და რომელ კატეგორიაში შემავალ პირებს შეუძლიათ, გაიკეთონ ვაქცინის მეოთხე დოზა, ანუ მეორე ბუსტერი.
„პირველი ბუსტერიდან (მესამე დოზიდან) 4 თვის შემდეგ, 50 წლის ზემოთ ყველა ასაკის მოსახლეს შეუძლია, გაიკეთოს მეორე ბუსტერი (მეოთხე დოზა), ასევე, 18-დან 49 წლის ადამიანებს, ვისაც აქვთ ქრონიკული დაავადებები; ხოლო 12-დან 18 წლამდე ბავშვებში ექიმის დანიშნულებაა აუცილებელი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
რაც შეეხება 50 წლამდე კატეგორიას, რომელში შემავალ პირებსაც არ აღენიშნებათ ქრონიკული დაავადებები, თუმცა სურთ მეორე ბუსტერის გაკეთება, ამირან გამყრელიძე მათ ექიმთან კონსულტაციის გავლას ურჩევს. გამყრელიძე მეოთხე დოზას დასაშვებად მიიჩნევს ასევე მოგზაურობის შემთხვევაში.