გუშინ საქართველოში კოვიდ 19-ის 631 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, დღეს კი 756. მიუხედავად იმისა, რომ ყოველდღიური კოვიდსტატისტიკა აღარ ქვეყნდება და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მხოლოდ ყოველკვირეულ მონაცემებს, სამშაბათობით აქვეყნებს, ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ პირველ არხთან საუბარში ბოლო ორი დღის სტატისტიკა მოიყვანა. შესაბამისად, ორ დღეში საშაუალო დღიური მაჩვენებელი უკვე 700-მდეა გაზრდილი. სამშაბათს გამოქვეყნებული, ყოველკვირეული სტატისტიკით კი ეს მონაცემი 360 შემთხვევას შეადგენდა. 700-მდე დღიური შემთხვევა ქვეყანაში ბოლოს მარტის ბოლოს დაფიქსირდა.
გამყრელიძის თქმით, გაზრდილია დადებითობის მაჩვენებელი და მან 5% შეადგინა.
ამ მდგომარეობის გათვალისწინებით, ამირან გამყრელიძე რეკომენდაციას იძლევა, დახურულ შენობებში ადამიანებმა პირბადე ატარონ.
როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, ე.წ. ბი-ეი-4 და ბი-ეი-5 შტამები სწრაფად ვრცელდება, თუმცა რთული მიმდიანრეობა არ ახასიათებს.
„მარტო საქართველოში არ ხდება. მთლიანად მსოფლიოში და ევროპის უმრავლეს ქვეყნებში, 42 ქვეყანაში იყო შემთხვევების ზრდა. ეს ძირითადად განპირობებულია „ომიკრონის“ ახალი ქვეშტამების, ე.წ. ბი-ეი-4 და ბი-ეი-5 -ის ცირკულაციით, რომელიც ხასიათდება უფრო მაღალი გადამდებლობით, ვიდრე მისი წინამორბედები, მაგრამ აგრესიულობა არ არის მეტი. ანუ უფრო მძიმედ არ მიმდინარეობს. გუშინ იყო 631 ახალი შემთხვევა, დღეს გვაქვს 756. წინა კვირასთან შედარებით, რომელსაც ვითვლით მთელი კვირისას, სამშაბათს დაახლოებით 2.4-ჯერ მეტი შემთხვევა იყო, ვიდრე ორი კვირის წინ. ანუ 2-3 კვირაა, რაც ახალი შემთხვევების ზრდა აღინიშნება. გარკვეულად მომატებულია დადებითობის მაჩვენებელი. სერიოზულად არის მომატებული რეპროდუქციის ინდექსი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
გამყრელიძის განცხადებით, დღევანდელი მონაცემებით, კოვიდინფიცირებულთა 7-8 პროცენტს სჭირდება ჰოსპიტალიზაცია. მისივე თქმით, ინფიცირებულთა დამძიმების ტენდენცია არ არის.
„დამძიმების ტენდენცია არ არის. საავადმყოფოში ხვდება ინფიცირებულთა 7-8 პროცენტი, მაგრამ თუ შემთხვევათა რაოდენობა გაიზარდა, გაიზრდება ზეწოლა საავადმყოფოებზეც. ამ ეტაპზე ჰოსპიტალში დაახლეობით 350 პაციენტი წევს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ. 28 ივნისის მონაცემებით, ქვეყანაში 132 კოვიდპაციენტი იყო ჰოსპიტალიზებული.