მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » ექიმების მოწოდებების მიუხედავად, პირბადეებზე მოთხოვნა არ გაზრდილა

ექიმების მოწოდებების მიუხედავად, პირბადეებზე მოთხოვნა არ გაზრდილა

საქართველოში პირბადის ტარების მაჩვენებელი 14%-ია. ესაა მინიმალური მაჩვენებელი პანდემიის  გამოცხადებიდან დღემდე, იმ პერიოდში, როცა ჯანმრთელობის გაზომვათა ინსტიტუტი პირბადეების ტარების დონეს აღრიცხავს. ინსტიტუტის საიტზე ეს მონაცემები, დღეების მიხედვით, 2020 წლის დეკემბრიდან ფიქსირდება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში 2 მაისიდან დახურულ სივრცეში პირბადეების ტარების ვალდებულება გაუქმდა, 20 ივნისიდან ეს რეგულაცია საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც მოიხსნა და მხოლოდ სამედიცინო პროფილის დაწესებულებებში დარჩა.

ბოლო სამი კვირაა, ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია უარესდება. ბოლო 2 კვირაში შემთხვევებმა 5-ჯერ მოიმატა და კვირაში 2600 შეადგინა. ზრდის ამ ტემპებს სპეციალისტები საგანგაშოს უწოდებენ და არ გამორიცხავენ, უახლოეს კვირებში საკოორდინაციო საბჭოს მიმართონ რეკომენდაციით, დახურულ სივრცეებში პირბადის ტარება ისევ სავალდებულო გახდეს. ამ ვალდებულების დაბრუნებამდე კი მოსახლეობას მოუწოდებენ, დახურულ სივრცეებში პირბადეები ატარონ.

Jandacva.ge დაინტერესდა, რამდენად იმუშავა ამ მოწოდებებმა მოსახლეობაზე.

ჯიპისის“ სააფთიაქო ქსელში აცხადებენ, რომ პირბადეებზე მოთხოვნის მატება არ შეინიშნება. რაც შეეხება მოლოდინებს, ამბობენ, რომ სანამ პირბადის ტარება სავალდებულო არ გახდება, მხოლოდ რეკომენდაციის პირობებში, მისი გამოყენების მაჩვენებელი ისე არ გაიზრდება, რომ ეს გაყიდვებს დაეტყოს.

ზრდის ტენდენცია არ გამოკვეთილა არც პირბადეების მწარმოებელ კომპანია „რესპირატორში,“ სადაც jandacva.ge-ს განუცხადეს, რომ საკმაო მარაგები აქვთ და არსებულ მოთხოვნას აკმაყოფილებენ. თუმცა, მათივე ინფორმაციით, სააფთიაქო ქსელების მხრიდან მოთხოვნა ბოლო კვირებში არ გაზრდილა.

შეგახსენებთ, რომ პირბადეებზე მოთხოვნის მკვეთრი ვარდნის გამო „რესპირატორს“ 7 საწარმოო ხაზიდან ახლა მხოლოდ ერთი აქვს დატოვებული, თუმცა კომპანიაში აცხადებენ, რომ საჭიროების შემთხვევაში  წარმოებას სრული დატვირთვით აამოქმედებენ.

Jandacva.ge

იხილეთ ასევე

ბიძინა კულუმბეგოვი: ჩვეულებრივი ნიღაბი „კრაკენისგან“ ვერ დაგვიცავს

ომიკრონის ახალი შტამის, „კრაკენის“ მოსალოდნელი დომინანტობის მიუხედავად, მსოფლიოს კორონავირუსის ახალი, მძიმე ტალღა, როგორიც წინა პერიოდებში …