მთავარი » ჯანდაცვა » საყოველთაო ჯანდაცვა » „საყოველთაო ჯანდაცვაში მონაწილე კლინიკები ტარიფში მარკეტინგულ ხარჯებსაც კი დებდნენ“

„საყოველთაო ჯანდაცვაში მონაწილე კლინიკები ტარიფში მარკეტინგულ ხარჯებსაც კი დებდნენ“

520-ე დადგენილება პრინციპულად სწორი გადაწყვეტილებაა და ეს მიდგომა – ანუ სახელმწიფოს მხრიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკების ხარჯების დადგენა და გაკონტროლება უნდა შენარჩუნდეს. ტექნიკური საკითხები, პირველ რიგში კი ტარიფების ინდექსაცია ინფლაციის შესაბამისად, მუდმივი პროცესი უნდა იყოს. ამის შესახებ ეკონომისტმა პაატა ბაირახტარმა jandacva.ge-სთან საუბარში კლინიკების პოზიციასთან დაკავშირებით განაცხადა, რომლებიც 520-ე დადგენილებას აპროტესტებენ და ტარიფების გაზრდას ითხოვენ.

„520-ე დადგენილებასთან დაკავშირებით, იყო ტარიფების გამოთვლის პრობლემა, რაც ტექნიკური საკითხია. თუმცა ისე წარმოჩნდა, თითქოს პრობლემური იყო თავად მიდგომა და ის არ მუშაობდა. რეალურად, თუ შევხედავთ წინა პერიოდში გავრცელებულ პრაქტიკას, დავინახავთ, რომ რიგ შემთხვევებში კლინიკებს საყოველთაო ჯანდაცვის მიმართულებით ისეთი ხარჯები ჰქონდათ გაწერილი, რაც არანაირ კავშირში არ იყო ადამიანის მკურნალობასთან. მაგალითისთვის მოვიყვან მარკეტინგულ ხარჯებს. მიდგომა, რომ ხარჯების კონტროლი საჭიროა, უნდა იყოს ურყევი. 520-ე დადგენილება იდეის, პრინციპის დონეზე სწორია, მის გარეშე ოპერირება არის უფსკრულში ფულის ჩაყრა და ამის მაგალითები წინა წლების განმავლობაში ბევრი გვქონდა. რაც შეეხება ტარიფების ინდექსაციას,  რაც სახარჯი მასალების და კომუნალური გადასახადების გაძვირებას უკავშირდება, ცხადია, ტარიფების ხელახალი გადათვლა უნდა მოხდეს, რადგან ისეთ რეალობაში ვართ, როცა ინფლაციის რეჟიმში გვიწევს ცხოვრება. მაგრამ გადახედვა უნდა იყოს გონივრული. უნდა დასხდნენ კვალიფიციური კადრები და მოხდეს ტარიფების ხელახალი გადათვლა, რათა კლინიკებს სწორი და ჯანსაღი ტარიფები შეეთავაზოთ,“ – განაცხადა პაატა ბაირახტარმა.

რაც შეეხება კლინიკების განცხადებას, რომ ტარიფები 2013 წლის შემდეგ არ შეცვლილა და ეს ტარიფები მათთვის ძალიან დაბალია, ბაირახტარის თქმით, ამ განცხადებებიდან გამოდის, რომ 8-9 წლის განმავლობაში კლინიკები ქველმოქმედებას ეწევიან და წაგებაზე მუშაობენ, რაც რეალობა ვერ იქნება.

„კლინიკები – ესაა ჩვეულებრივი ბიზნესი და ცხადია, ორიენტირებულნი არიან, მიიღონ რაც შეიძლება მეტი მოგება, მაგრამ ეს ბიუჯეტის და თანამოქალაქეების ჯანმრთელობის ხარჯზე არ უნდა მოხდეს. ბიუჯეტიდან ადამიანების მკურნალობაზე უნდა დაიხარჯოს იმდენი, რაც ეს მკურნალობა რეალურად ჯდება. არ შეიძლება ერთი ადამიანის მკურნალობას კლინიკამ მარკეტინგული ხარჯი მიაბას. ბიზნესის გადმოსახედიდან ეს გასაგებია, მაგრამ სახელმწიფომ ეს პროცესი უნდა გააკონტროლოს.

ბოლო რამდენიმე წელია გვაქვს სიტუაცია, როცა ჯანდაცვის მიმართულებით მუდმივად გვაქვს დეფიციტური ხარჯვა – ვასხამთ ფულს საყოველთაო ჯანდაცვაში და თანხები მაინც გვაკლდება. ანუ სადღაც გვაქვს პრობლემა, ეს კი ის პრობლემაა, რაც უკვე ვახსენე. ასეთ რეალობაში ძნელია, ეს უფსკრული სახელმწიფომ სრულად ამოავსოს. ამიტომ პრობლემა გასასწორებელია,“- განაცხადა პაატა ბაირახტარმა.

520-ე დადგენილება, რომელიც  სახელმწიფო  პროგრამაში მონაწილე კლინიკებისთვის კარდიოქირურგიულ და რეანიმაციულ სერვისებზე ტარიფების გათანაბრებას გულისხმობს,  ძალაში 2019 წლის 21 ნოემბრიდან შევიდა. სამინისტროს მიერ დაწესებულმა ტარიფებმა სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია.

ჯანდაცვის ახალმა მინისტრმა კი განაცხადა, რომ კლინიკების დაფინანსება დიაგნოზთან შეჭიდულ მოდელზე, დიარჯი- სისტემაზე გადავა, თუმცა მანამდე განიხილება საკითხი, რომ იმ კლინიკებს, რომლებიც რეანიმაციის ახალ სტანდარტს დააკმაყოფილებენ, რეანიმაციის სერვისებზე ტარიფები გაუზარდონ.

 

jandacva.ge

 

იხილეთ ასევე

10 წლის განმავლობაში იშვიათი დაავადებების პროგრამის ბიუჯეტი გაათმაგდა

„ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს 23 მიზნობრივ სახელმწიფო პროგრამას, რომელთა საშუალებით, 2022 წელს, 600 000-ზე მეტი ბენეფიციარისთვის, …