დღეიდან 50 წელს გადაცილებულ ნებისმიერ ადამიანს და ასევე გარკვეული დაავადებების მქონე უმცროსი ასაკის მოქალაქეებს მეოთხე დოზა კოვიდ-ვაქცინის გაკეთება შეუძლიათ.
ჯანდაცვის მინისტრის ბრძანება ძალაში დღეიდან შევიდა.
ბრძანების თანახმად, Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მეორე ბუსტერდოზით აცრა შესაძლოა ჩაუტარდეს:
50 წლის და უფროსი ასაკის ყველა მსურველს, განსაკუთრებული რეკომენდაცია იმუნოკომპრომეტირებული და ქრონიკული დაავადებების მქონე პირებს, ხანგრძლივი მოვლის თავშესაფარში მცხოვრებ პირებს;
12-49 წლის ასაკის იმუნოკომპრომეტირებული და ქრონიკული დაავადებების მქონე პირებს. ამასთან, 12-17 წლის ასაკობრივ ჯგუფში მეორე ბუსტერდოზა ტარდება ამცრელი დაწესებულებისთვის ექიმის მიმართვის წარდგენის საფუძველზე, ხოლო 18-49 წლის ასაკობრივ ჯგუფში – დაავადების დამადასტურებელი ნებისმიერი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში;
სამედიცინო დაწესებულებაში დასაქმებულ პერსონალს.
ვაქცინის მეორე ბუსტერდოზის ჩატარება 18-49 წლის ასაკობრივ ჯგუფში დასაშვებია სწავლის, მკურნალობის ან სხვა მიზნით საზღვარგარეთ გამგზავრების შემთხვევაში, მიმღები ქვეყნის რეგულაციების შესაბამისად. მოგზაურობის მიზნებისთვის მეორე ბუსტერდოზის ჩასატარებლად, მოქალაქემ ამცრელ დაწესებულებას უნდა წარუდგინოს ბილეთის ჯავშანი.
ვაქცინის მეორე ბუსტერდოზით ადმინისტრირება უნდა განხორციელდეს პირველი ბუსტერდოზით ვაქცინაციის დასრულებიდან მინიმუმ 4 თვის შემდეგ. მე-2 ბუსტერდოზად შესაძლებელია გამოყენებული იყოს იგივე ან სხვა ვაქცინა.