კლინიკური სექტორი ჯანდაცვის სამინისტროსთან 520-ე დადგენილებით განსაზღვრული ტარიფების შესახებ მსჯელობას პარასკევიდან განაახლებს. როგორც jandacva.ge-ს ჯანდაცვის ასოციაციიდან აცნობეს, სწორედ ტარიფები იქნება პარასკევს ჩანიშნული შეხვედრის ერთერთი მთავარი განსახილველი თემა. ასევე იმსჯელებენ კოვიდის, როგორც რიგითი ნოზოლოგიის განფასების თემაზე.
ჯეო ჰოსპიტალსის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის ნინო კობახიძის შეფასებით, ტარიფები და სახელმწიფოს მხრიდან გაწეული დანახარჯები რეალისტური უნდა იყოს და შეხვედრიდან სწორედ ამ მიმართულებით ნაბიჯების გადადგმას ელოდება.
ხეჩინაშვილის კლინიკის ხელმძღვანელის მაია მახარაშვილის თქმით, ახლა ტარიფები არაადეკვატურია და არ შეესაბამება სერვისებისა და მასალების რეალურ თვითღიურებულებას. მისივე განცხადებით, ამ სიტუაციიდან გარკვეული გამოსავლები არსებობს, რაც კლინიკებისთვისაც მისაღები იქნება და სახელმწიფოც არ დაზარალდება და რომლებზეც მსჯელობა უნდა წარიმართოს. ერთერთ ასეთ გამოსავლად ის სხვადასხვა კონკრეტული დამხმარე საშუალებების შესყიდვაზე კონსოლიდირებული ტენდერის გამოცხადებას ასახელებს, რათა სახელმწიფომ ეს მასალები დიდი რაოდენობით და, შესაბამისად, უფრო ნაკლებ ფასად შეიძინოს. ამ კუთხით jandacva.ge დაინტერესდა, შეამცირებს თუ არა ეს, მაგალითად სტენტირებისა და შუნტირების საფასურში ჯიბიდან გადახდების წილს, რაც განსაკუთრებით პენსიონრებისთვისაა პრობლემური. რიგ შემთხვევაში მათ 2 ათასი ლარის დამატება უწევთ. მაია მახარაშვილი ამბობს, რომ ტარიფების საკითხის მოგვარების ერთერთი შედეგი სწორედ ჯიბიდან გადახდების შემცირება იქნება. მსგავსი პრეცედენტი უკვე იყო, როდესაც სახელმწიფომ დეფიბრილატორები შეიძინა, თუმცა მახარაშვილი ამბობს იმასაც, რომ სახელმწიფოს რესურსები არაა ულიმიტო და ყველა მოქალაქის მკურნალობას სრულად ვერ დააფინანსებს.
„მესმის, რომ პენსიონერისთვის ძვირია ამ თანხების გადახდა, მაგრამ სახელმწიფოს რესურსები არაა შეზღუდული. მან უნდა დააფინანსოს კრიტიკული პაციენტების მკურნალობა და მათ ისინი ვერ გაწირავს,“- ამბობს მაია მახარაშვილი.
კონსოლიდირებული ტენდერის გარდა, მახარაშვილი გამოსავლის ერთერთ გზად ასახელებს დაზღვევის არსებული სქემის შეცვლას და საყოველთაო ჯანდაცვაზე კერძო სადაზღვევო პაკეტების „დაშენებასაც,“ ასევე საბაზისო, სავალდებულო დაზღვევის შემოღებას დამსაქმებლებისთვის, რაც სფეროს გლობალურ რეფორმირებას გულისხმობს.
520-ე დადგენილება, რომელიც სახელმწიფო პროგრამაში მონაწილე კლინიკებისთვის კარდიოქირურგიულ და რეანიმაციულ სერვისებზე ტარიფების გათანაბრებას გულისხმობს, ძალაში 2019 წლის 21 ნოემბრიდან შევიდა. სამინისტროს მიერ დაწესებულმა ტარიფებმა სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია.