გუშინ ომიკრონის ორი ქვევარიანტი – მეოთხე და მეხუთე – უკვე იყო შეყვანილი შეშფოთების ვარიანტების კატეგორიაში, რაც იმას ნიშნავს, რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია სერიოზულად განიხილავს მე-4 და მე-5 ქვევარიანტების ზემოქმედებას საზოგადოებრივ ჯანმრთელობაზე. ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, არის შესაძლებლობა, რომ ეს ვარიანტები საქართველოშიც შემოვიდეს.
„დიახ, საქართველოში ძალიან სტაბილური მდგომარეობა გვაქვს, მინიმალურია ინფიცირების და გარდაცვალების მაჩვენებელი, მაგრამ საუბარი იმაზე, რომ საქართველოში პანდემია დასრულდა, ნაადრევია და ასეთი განცხადება არც გაკეთებულა,“ – განაცხადა ივანე ჩხაიძემ და აღნიშნა, რომ ვირუსის ახალ აფეთქებას გამორიცხავს და ქვეყანაში ამ კუთხით ვითარება სტაბილურია. ამის მიუხედავად, ჩხაიძე მოსახლეობას აცრისკენ მოუწოდებს, რადგან, როგორც ამბობს, შესაძლოა შემთხვევების გარკვეული მატება ზაფხულში იყოს.
ივანე ჩხაიძის თქმით, მსოფლიოში ინფიცირების და გარდაცვალების მაჩვენებელი მცირდება და არსებობს მოლოდინი, რომ 2022 წელი პანდემიის ბოლო წელი იყოს. მისივე თქმით, უახლოეს თვეებში ჯანმოსგან სავარაუდოდ მოვისმენთ, რომ ისტორიაში ერთერთი მძიმე პანდემია დასრულებულია.