საქართველოში ბავშვებში სერიოზული პოსტკოვიდური გართულებების შემთხვევები მიმდინარე ეტაპზე არ ფიქსირდება. ამის შესახებ jandacva.ge-ს იმ კლინიკებიდან აცნობეს, სადაც პოსტკოვიდურ გართულებებს მართავენ. იაშვილის კლინიკის ხელმძღვანელის ივანე ჩხაიძის თქმით, მას არც საკუთარი და არც სხვა კლინიკების შემთხვევაში არ მიუღია ინფორმაცია პოსტკოვიდური გართულებებით ბავშვების სტაციონარიზაციის შესახებ. მისივე თქმით, სტაბილურობა ნარჩუნდება მცირეწლოვანთა კოვიდით ინფიცირების შემთხვევების კუთხითაც.
ბავშვებში პოსტკოვიდური გართულებების შემთხვევები არ აქვთ „ნიუ ჰოსპიტალშიც,“ რომელიც მსგავსი გართულებებით ბავშვების მიმღები ერთერთი მსხვილი ცენტრია ქვეყანაში.
ბავშვთა ინფექციურ კლინიკაში ამბობენ, რომ ბოლო პერიოდში, სრული სიწყნარის პერიოდის შემდეგ, კოვიდით ბავშვების სტაციონარიზაციის შემთხვევები გაზრდილია, თუმცა საგანგაშო არაფერი ხდება და ვირუსისთვის გარკვეული აქტიურობის ფაზები დამახასიათებელია.
შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში მსოფლიო პრესაში აქტიურად ვრცელდება ცნობები 16 წლის და უმცროსი ასაკის ბავშვებში ღვიძლის აუხსნელი ანთების შემთხვევებზე. საუბარია გართულებებზე, რომელთა შედეგადაც ხშირია გარდაცვალების შემთხვევები, ხოლო მცირე პროცენტს ღვიძლის გადანერგვა დასჭირდა.
შემთხვევები დაფიქსირდა აშშ-ში, ინდონეზიაში, არგენტინაში, ბრაზილიაში, კანადაში, ისრაელში, იაპონიაში, სერბეთში, სინგაპურში, სამხრეთ კორეასა და სხვა ქვეყნებში. უჩვეულო ის არის, რომ არც ერთ ბავშვში არ იქნა გამოვლენილი არც ერთი გავრცელებული ვირუსი, რომელიც იწვევს მწვავე ვირუსულ ჰეპატიტს (ჰეპატიტის ვირუსები A, B, C, D, E). პაციენტთა უმეტესობას აღენიშნება კუჭ-ნაწლავის სიმპტომები და შემდეგ პროგრესირებს სიყვითლემდე და, ზოგიერთ შემთხვევაში, ღვიძლის მწვავე უკმარისობამდე.
გამომწვევი მიზეზი უცნობია, თუმცა არსებობს ვარაუდი, რომ ეს კოვიდის გადატანას უკავშირდებოდეს.
საქართველოში კოვიდგადატანილ ბავშვებში მულტისისტემური ანთებითი სინდრომის შემთხვევები 2021 და 2020 წლებში დაფიქსირდა და რამდენიმე ათეული ბავშვის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო.
პრობლემები იწყება ტემპერატურის მკვეთრი მომატებით, ამის კვალდაკვალ ზიანდება სხვადასხვა ორგანოთა სისტემა და ეს იმდენად მძიმე ფორმით ვითარდება, რომ ბავშვები საავადმყოფოებში ხვდებიან. მულტისისტემური ანთების სინდრომი კორონავირუსის გადატანის შემდეგ ბავშვებში ვლინდება. დაავადება კორონავირუსის გადატანიდან 1-დან 4 თვემდე პერიოდში ვლინდება.