სქემა, რომლითაც სახელმწიფომ კლინიკებთან გარიგება დადო, ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან ბოლო პერიოდში გაჟღერებულ ბრალდებებს ეწინააღმდეგება. ამის შესახებ ჯანდაცვის ასოციაციაში აცხადებენ.
„პანდემიასთან ბრძოლის მიზნით, სახელმწიფომ კერძო კლინიკებისგან საწოლები პირველად 2020 აპრილში იქირავა. კლინიკების ბაზაზე 2 წლის განმავლობაში სულ 9200 საწოლი მობილიზდა.
ასევე სახელმწიფომ გამოყო თანხა, რომელიც კლინიკებს მედპერსონალისთვის დანამატის სახით უნდა გადაეხადა.
სახელმწიფო ტარიფი არ ითვალისწინებდა ცვეთისა და საპროცენტო ხარჯს, ასევე ცვეთის ხარჯს, ძირითად საშუალებებს, მაგალითად სასუნთქ აპარატებს.
აპრილიდან კოვიდ-შემთხვევებმა საგრძნობლად იკლო და სიკვდილიანობის მაჩვენებელიც თითქმის აღარ ფიქსირდება.
მალევე კლინიკების მიმართ გავრცელდა ბრალდებები, რომ მათ სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხები არასწორად დახარჯეს.
შრომის ინსპექციამ და რეგულირების სააგენტომ კლინიკების შემოწმება აქტიურად დაიწყო. კლინიკების მისამართით შემდეგი სახით ბრალდებები მოვისმინეთ:
საუბარი იყო, რომ სახელმწიფო 1700 საწოლის შემთხვევაში ცარიელ საწოლებში იხდიდა თანხას. კლინიკების ნაწილი ექთნებსა და ექიმებს სახელმწიფოს მიერ გადახდილ დანამატებს არ აძლევდა.
სქემა, რომლითაც სახელმწიფომ კლინიკებთან გარიგება დადო, ეწინააღმდეგება ამ ბრალდებების ლოგიკას, რადგან სახელმწიფომ თავად გადაწყვიტა, თითოეული კლინიკისგან რამდენი საწოლი ექირავა. კლინიკებს წინასწარ სთხოვა წარმოედგინათ მკურნალობისთვის საჭირო თანხა და ეს ფაქტობრივი ხარჯით დაფარა.
რომც დავუშვათ, რომ საწოლების 40% ცარიელი იყო, კლინიკებს მაინც ჰქონდათ ხარჯი, რადგან სამედიცინო დაწესებულებებს ამ საწოლებზე პაციენტის მიღების უფლება არ ჰქონდათ.
ამიტომ ისმის კითხვა: რატომ გაჩნდა კლინიკების მიმართ მსგავსი შინაარსის ეჭვები თუ საწოლების რაოდენობა სახელმწიფომ თავად განსაზღვრა და თუ მეტი საწოლი იქირავა, ვისი პასუხისმგებლობაა?
ასევე რატომ არ სახელდებიან ბრალდების ადრესატი კონკრეტული კლინიკები? ამის ფონზე გაჟღერებული ბრალდებები ყველა იმ კლინიკას მიემართება, რომელიც პანდემიის დროს ცდილობდა კრიზისთან გამკლავებაში თავისი როლი შეესრულებინა.
საჭიროა ჯანდაცვის სამინისტრომ საზოგადოებას მიაწოდოს ზუსტი ინფორმაცია, ეს ბრალდებები არ ვრცელდებოდეს ყველა კლინიკაზე და არ ხდებოდეს სამედიცინო დაწესებულებების დისკრედიტაცია,“- ნათქვამია განცხადებაში.