მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » ზურაბ აზარაშვილი: ინფექციური საავადმყოფო არ შეგვიმოწმებია და არც ვაპირებთ

ზურაბ აზარაშვილი: ინფექციური საავადმყოფო არ შეგვიმოწმებია და არც ვაპირებთ

ინფექციური კლინიკის თანამშრომლები იმის მაგალითები არიან, როგორ უნდა გაკონტროლდეს ინფექციები ადგილზე  და როგორ უნდა იმართოს კლინიკა სწორად – ასეთი შინაარსის განცხადება ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, თენგიზ ცერცვაძის პოზიციასთან დაკავშირებულ კითხვაზე პასუხისას განაცხადა.

მისი თქმით, ინფექციების კუთხით შემოწმება ინფექციურ კლინიკას არ ეხება და პირიქით – ამ კლინიკის თანამშრომლები თავად არიან ჩართულნი იმ ჯგუფებში, რომლებიც ინფექციების კუთხით თავად ამოწმებენ სამედიცინო დაწესებულებებს.

„ეს ნამდვილად არ ყოფილა ინფექციურ საავადმყოფოსთან დაკავშირებული, პირიქით, ინფექციური საავადმყოფო – როგორც ბატონი თენგიზი ისე თანამშრომლები – აქტიურად არიან ჩართულნი და თვითონ იმ ჯგუფებში არიან, რომლებიც დადიან კლინიკებში და კლინიკებს ამოწმებენ ინფექციების კონტროლის კუთხით. ცალკე აღებული ინფექციური არ შეგვიმოწმებია და არც ვაპირებთ, რადგან იქ არიან ისეთი მაღალკვალიფიციური თანამშრომლები, რომლებიც პირიქით, თვალსაჩინო მაგალითებია სხვადასხვა კლინიკებისთვის, თუ როგორ უნდა მართონ ადგილზე ინფექციები და როგორ უნდა მართონ კლინიკა სწორად,“- განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

მისივე თქმით, თენგიზ ცერცვაძე არის ერთერთი თუ ერთადერთი არა – მაღალკვალიფიციური ინფექციონისტი და მასთან სამინისტროს მუდმივი კომუნიკაცია აქვს.

„მადლობა მინდა გადავუხადო აქტიური ჩართულობისთვის და მიუხედავად რთული სამუშაო რეჟიმისა, ჩვენ ყოველთვის ვნახულობთ დროს, რომ მასთან პერიოდულად კონსულტაციები გვქონდეს,“ – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

მისი თქმით, ცერცვაძესთან მას გუშინ ჰქონდა ვრცელი საუბარი ამ და სხვა პრობლემებთან დაკავშირებით.

„იგივე საუბარი ხშირად გვაქვს, ყოველ მე-2-მე-3 დღეს ვხვდებით, მიზიარებს თავის აზრს, კონსულტაციას მიწევს სხვადასხვა მიმართულებით და ეს ჩვეულებრივი მუშა პროცესია და ამ რეჟიმში და ტემპში გაგრძელდება,“ – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

რაც შეეხება კლინიკების შემოწმებას, მან აღნიშნა, რომ რამდენიმე კლინიკაში გამოიკვეთა პრობლემები თანამშრომლებისთვის სახელმწიფოს მიერ გაცემული დანამატის ჩარიცხვასთან, ასევე ინფექციებთან და ფინანსურ ნაწილთან დაკავშირებით. „ესაა კონკრეტული კლინიკები, რომლებსაც აქტიურად ვსწავლობთ და ამ ეტაპზე კლინიკების დასახელებისგან თავს შევიკავებ,“- განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, სამინისტროს თანამშრომლები აქტიურად დადიან კლინიკებში და დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში მათ გამოსწორების გონივრულ ვადებს აძლევენ, რის შემდეგაც ხელახალი გადამოწმება ხდება.

 

jandacva.ge

იხილეთ ასევე

ბიძინა კულუმბეგოვი: ჩვეულებრივი ნიღაბი „კრაკენისგან“ ვერ დაგვიცავს

ომიკრონის ახალი შტამის, „კრაკენის“ მოსალოდნელი დომინანტობის მიუხედავად, მსოფლიოს კორონავირუსის ახალი, მძიმე ტალღა, როგორიც წინა პერიოდებში …