მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » თამარ გაბუნია კოვიდ-კლინიკებისთვის თანხების არამიზნობრივად გადარიცხვას გამორიცხავს

თამარ გაბუნია კოვიდ-კლინიკებისთვის თანხების არამიზნობრივად გადარიცხვას გამორიცხავს

მექანიზმი, რომლითაც კლინიკებისთვის თანხების გადარიცხვა ხდებოდა, სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში იყო გაწერილი და ეს პროცესი მიზნობრივად ხდებოდა – ასეთი განმარტება ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ გააკეთა.

მისი თქმით, საწოლების მობილიზაციის მექანიზმი, რომელიც ქვეყანამ პანდემიის პირველივე დღეებში დაიწყო, შეთანხმებული იყო ყველა სამთავრობო უწყებასთან, ასევე აღწერილი იყო მთავრობის დადგენილებაში და ამის მიხედვით მუშაობდა ჯანდაცვის სამინისტრო ამ ხნის განმავლობაში.

„ეს არის ის მექანიზმი, რომელიც გამოიყენა გერმანიამაც პანდემიის მართვისთვის. ეს არის საწოლფონდის გათვალისწინება სარეზერვო საწოლების მიხედვით. მიუხედავად იმისა, საწოლი იმ მომენტში დატვირთულია თუ არა, ხდებოდა გარკვეული ანაზღაურება გამომდინარე იქიდან, თუ რა ხარჯს მოელის კლინიკა როგორც კომუნალური გადასახადების, ისე პერსონალისთვის ბაზისური ხელფასის გადახდის კუთხით. ამ შემთხვევაში, ჰოსპიტალში 10 პაციენტი მკურნალობს კოვიდის მიზნებისთვის თუ 100, ჰოსპიტალს სჭირდება, რომ დარჩეს ფუნქციონირებად მდგომარეობაში და ჰყავდეთ მობილიზებული სამედიცინო პერსონალი,“ – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მისი განმარტებით, კოვიდის პროგრამაში იყო სამკომპონენტიანი ანაზღაურება: ერთი – ბაზისური, მობილიზებული საწოლებისთვის, მეორე – პერსონალის დანამატი და მესამე – ფაქტიური ანაზღაურების ხარჯი, რომელსაც აუდიტი ახლა მიმდინარე პერიოდში სწავლობს.

თამარ გაბუნია ამბობს, რომ აუდიტის შედეგები ყველასთვის ცნობილი გახდება და გაირკვევა, იყო თუ არა ზედმეტი ან არასწორად აღრიცხული დანახარჯი, რაც ასევე შესაძლებელია დაფიქსირდეს იმ დატვირთვიდან გამომდინარე, რაც კლინიკებს ჰქონდათ ორი წლის განმავლობაში. „ეს მექანიზმი აღწერილია სახელმწიფო პროგრამებში, რომელიც შეგიძლიათ ნახოთ,“- განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.

მისივე თქმით, კლინიკებს ურიცხავდნენ მიზნობრივად იმ თანხებს, რომელიც გაწერილია სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სხვანაირად სახელმწიფო ინსტიტუცია და სახელმწიფო გადამხდელი, როგორიცაა ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო, ერთ თეთრსაც ვერ გადაიხდიდა.

თამარ გაბუნიას ინფორმაციით, კლინიკების შემოწმება გრძელდება, თუმცა ეს არაა დამსჯელობითი ხასიათის და არც ის, რომ „ვინმემ ამის გამო თავი შეურაცხყოფილად იგრძნოს.“

შეგახსენებთ: 4 მაისს ჯანდაცვის მინისტრმა პანდემიის პერიოდში პაციენტების მართვის პროცესში გამოვლენილ დარღვევებზე ისაუბრა.

“სამწუხაროდ, გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც კოვიდპანდემიის დროს, ექიმებსა და ექთნებს მათთვის დარიცხული დანამატი არ მიუღიათ. თანაც, საუბარია თანხაზე, რომელსაც სახელმწიფო, კონკრეტული მიზნობრიობით, რიცხავდა და სამწუხაროდ, ბენეფიციარებამდე არ მიდიოდა“, – აღნიშნა აზარაშვილმა.

მისივე თქმით, რამდენიმე კლინიკაში იყო შემთხვევა, როდესაც დირექტორი და მისი მოადგილეები 5-10-ჯერ იზრდიდნენ ხელფასებს, ექიმებისა თუ ექთნების დანამატებისა და სახელმწიფოს ხარჯზე.

მინისტრმა კოვიდკლინიკების პანდემიამდე არსებულ რეჟიმში დაბრუნების საკითხზეც ისაუბრა: „2022 წლის იანვრიდან მოყოლებული, აქტიურად ვაკვირდებოდით დატვირთულობას კლინიკებში. აღმოჩნდა, რომ ხშირად, პაციენტთა მიღების თუ გაწერის მკაცრად გაწერილი კრიტერიუმები არ სრულდება და ხელოვნურად ხდებოდა მათი რაოდენობის ზრდა. ზუსტად ეს იყო საფუძველი, რომ არ მოხდა კლინიკების გადავსება და პიკურ პერიოდში საშუალოდ, 6 000 პაციენტი იყო სტაციონარში. ის 9 000 საწოლი, რაც მე იანვრის დასაწყისში დამხვდა, მით უმეტეს არაპიკურ პერიოდში, საერთოდ არ იყო საჭირო. 1 700 საწოლი პირველივე კვირაში გავაუქმე. ვსაუბრობ ისეთ საწოლებზე, რომლებიც ცარიელი იყო და რომლებშიც სახელმწიფო, 2 წლის განმავლობაში, არც თუ ისე ცოტა თანხას, თითოში, დაახლოებით, 180 ლარს იხდიდა, დატვირთულობა კი 60% იყო. ანუ, 2 წლის განმავლობაში, მობილიზებული საწოლებიდან, მინიმუმ, 40%-ში ცარიელ საწოლებში იხდიდა. ზუსტად ეს თანხა უნდა ყოფილიყო საკმარისი, როდესაც შეტყობინებებს მივცემდით და ფაქტობრივ ანაზღაურებაზე გადავიყვანდით კლინიკებს.“

მინისტრის თქმით, ამ ორი წლის განმავლობაში, ჯამში, სულ კლინიკებისთვის 1 მილიარდი ლარია გადახდილი და კლინიკებს უნდა ჰქონოდათ იმის შესაძლებლობა, დროულად გადაწყობილიყვნენ ჩვეულ სამუშაო რეჟიმზე.

„თუ ვინმე დანაშაულს ჩადიოდა, აუცილებლად დადგება მათი პასუხისმგებლობის საკითხი. აქ საუბარია კონკრეტულ კლინიკებზე.

შეუძლებელი და პრინციპულად მიუღებელია, სახელმწიფო თავისი მოქალაქეებისა და ბიუჯეტის ხარჯზე კონკრეტულ კლინიკებს ამდიდრებდეს, ან ეს კლინიკები ამით „შოულობდნენ“ ფულს“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

jandacva.ge

იხილეთ ასევე

ბიძინა კულუმბეგოვი: ჩვეულებრივი ნიღაბი „კრაკენისგან“ ვერ დაგვიცავს

ომიკრონის ახალი შტამის, „კრაკენის“ მოსალოდნელი დომინანტობის მიუხედავად, მსოფლიოს კორონავირუსის ახალი, მძიმე ტალღა, როგორიც წინა პერიოდებში …