იმ ფონზე, როდესაც ჯანდაცვის მინისტრი საუბრობს იმაზე, რომ კოვიდ-პანდემიის დროს მობილიზებული საწოლფონდის 40% თავისუფალი იყო, დღეს კოვიდის მიზნებისთვის მობილიზებული საწოლების 84% თავისუფალია.
ოფიციალური სტატისტიკით, სულ კოვიდ-საწოლების რაოდენობა ამ ეტაპზე 1819-ია, აქედან თავისუფალია 1533.
თუმცა, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ შეიცვალა კოვიდ-პაციენტების მკურნალობისთვის საჭირო ხარჯების ანაზღაურების პრინციპი და მას სახელმწიფო ფაქტობრივი დანახარჯების მიხედვით იხდის.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი მორიგი მწვავე განცხადებებით გამოვიდა წარსულში კოვიდის მართვაში ჩართული კლინიკების მიმართ და განაცხადა, რომ მონიტორინგის შედეგად ამ კლინიკებში მთელი რიგი დარღვევები გამოვლინდა. მინისტრმა არც დანაშაულის ფაქტების გამოვლენის და კონკრეტული პირების პასუხისგებაში მიცემა გამორიცხა. კერძოდ, მისი თქმით, კლინიკებში ირღვეოდა პაციენტების მიღების და გაწერის კრიტერიუმები და ხელოვნურად ხდებოდა პაციენტების რაოდენობის ზრდა.
მისივე თქმით, პიკურ პერიოდში კლინიკებში საშუალოდ 6 ათასი პაციენტი იყო იმ დროს, როცა მობილიზებული იყო 9 200 საწოლი. აზარაშვილის თქმით, იანვარში, როცა მან უწყება ჩაიბარა და სიტუაცია გააანალიზა, ჩათვალა, რომ ამდენი საწოლის აუცილებლობა არ იყო და პირველი 1700 საწოლი პირველივე კვირაში გააუქმა.
„2 წლის განმავლობაში მინიმუმ 40%-ს ცარიელ საწოლებში სახელმწიფო იხდიდა ფულს,“ – აღნიშნა მინისტრმა. მისივე თქმით, კოვიდპანდემიის ორი წლის განმავლობაში სახელმწიფომ მინიმუმ 1 მილიარდი ლარი გადაუხადა კლინიკებს.
კლინიკებში კი აცხადებენ, რომ თავისუფალი საწოლების მობილიზება და მათში გარკვეული თანხის გადახდა თავად ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილება იყო და ისინი მხოლოდ ასრულებდნენ მას, რის შედეგადაც საწოლების გარკვეული რაოდენობა გამოათავისუფლეს და კოვიდ-პაციენტების მართვისთვის გამოყვეს.