უახლოეს მომავალში თიანეთსა და ყაზბეგში დიალიზის კაბინეტები გაიხსნება. ჯანდაცვის მინისტრი მაღალმთიან რეგიონებში იმყოფებოდა. სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ზურაბ აზარაშვილმა რეგიონული ჯანდაცვის ცენტრები მოინახულა, სადაც დიალიზის განყოფილებები მოეწყობა.
„თიანეთსა და ყაზბეგში აღნიშნული სერვისის დანერგვის შემდეგ, ადგილობრივი მოსახლეობა სიცოცხლისთვის აუცილებელ მომსახურებას ადგილზე მიიღებს. დიალიზის თერაპია ხელმისაწვდომი იქნება მესტიასა და ამბროლაურშიც. თიანეთსა და ყაზბეგში, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ზურაბ აზარაშვილი რეგიონული ჯანდაცვის ცენტრებში დასაქმებულ მედპერსონალსაც შეხვდა და არსებული საჭიროებების შესახებ ინფორმაცია მიიღო. საუბარი შეეხო სამედიცინო დაწესებულებებში არსებული სერვისების გაუმჯობესებასა და მოსახლეობისთვის ხარისხიანი მომსახურების მიწოდებას. ჯანდაცვის მინისტრთან ერთად, მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაური, საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის ხელმძღვანელი ჯაბა სირბილაძე და რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი აბაიაძე იმყოფებოდნენ,“ – ნათქვამია ოფიციალურ ინფორმაციაში.
ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დღემდე თიანეთში დიალიზი არ იყო და ეს პრობლემა უახლოეს პერიოდში მოგვარდება, როცა დიალიზის კაბინეტი გაიხსნება. ზურაბ აზარაშვილის განმარტებით, კაბინეტში ადგილობრივი მოსახლეობა შეძლებს დიალიზის სერვისის მიღებას და აღარ მოუწევს ასობით კილომეტრის გავლა ან საცხოვრებლად იმ ქალაქებში გადასვლა, სადაც დიალიზი ტარდება.
თიანეთში ამ ეტაპზე დიალიზზე 10 პაციენტი იმყოფება, მათ შორის 4 დაბაში, 6 კი სოფელში. ადგილობრივი მედპერსონალის განცხადებით, ამ ადამიანებისთვის ძალიან კარგი საქმე კეთდება, რადგან დიალიზისთვის მათ თბილისში წასვლა უწევთ, კაბინეტის ადგილზე გახსნის შემდეგ კი ეს პროცესი მათ ადგილობრივად ჩაუტარდებათ.
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, უწყება აქტიურად მუშაობს, რათა მთელი ქვეყნის მასშტაბით მოქალაქეებისთვის ყველა სამედიცინო სერვისი მაქსიმალურად იყოს ხელმისაწვდომი.
მისივე თქმით, გამოიკვეთა დიალიზთან დაკავშირებული პრობლემები და ამ მიმართულებით მუშაობა მიმდინარეობს.
აპრილის დასაწყისში ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მომდევნო ორი თვის განმავლობაში ჯამში შვიდ ქალაქში დიალიზის სერვისი სრულყოფილად იქნება უზრუნველყოფილი.
“გამოიკვეთა დიალიზთან დაკავშირებული პრობლემები. თავადაც ვიყავი რუხის კლინიკაში, სადაც ზუგდიდიდან ჩამოსულები იღებდნენ ამ სამედიცინო სერვისს. აქედან გამომდინარე, ჩვენ ყველა ქალაქში შევაფასეთ არსებული სიტუაცია და პირველ ეტაპზე შევთანხმდით, რომ სამი ყველაზე კრიტიკული ლოკაციის გარდა, სადაც დიალიზის პროგრამა უნდა დავამატოთ, პროგრამა ასევე დაემატება ოთხ კერძო კლინიკაში, რომლებთანაც ჩვენ შეთანხმებას მივაღწიეთ. მომდევნო ორი თვის განმავლობაში ჯამში შვიდ ქალაქში სრულყოფილად იქნება უზრუნველყოფილი დიალიზის სერვისი“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.