მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » ალექსანდრე გოგინავა: „ომიკრონის“ გადატანიდან 90 – 120 დღის გასვლის შემდეგ, რეინფექციის რისკები საკმაოდ იზრდება

ალექსანდრე გოგინავა: „ომიკრონის“ გადატანიდან 90 – 120 დღის გასვლის შემდეგ, რეინფექციის რისკები საკმაოდ იზრდება

„ომიკრონის“ გადატანიდან დაახლოებით 90 – 120 დღის გასვლის შემდეგ, რეინფექციის რისკები საკმაოდ იზრდება”, – ამის შესახებ ინფექციონისტმა, ალექსანდრე გოგინავამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

გოგინავამ ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაცია შეაფასა. მისი განცხადებით, როდესაც პანდემია ჯერ არ დასრულებულა, იმის რისკები, რომ ნებისმიერ ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოშიც ეპიდსიტუაცია გარკვეულწილად გაუარესდეს, ყოველთვის არსებობს.

„ჩვენს ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია სტაბილურია, ამაზე ის მაჩვენებლები მეტყველებს, რაც ბოლო 1 თვის განმავლობაშია. ეპიდსიტუაციის შეუქცევადი გაუმჯობესება გვაქვს. ეპიდსიტუაცია გლობალურადაც უმჯობესდება, თუმცა, პანდემიის დასრულებამდე ჯერ მაინც შორია, რადგან მსოფლიოში ინფიცირების დღიური ახალი შემთხვევების რაოდენობა დაახლოებით ნახევარ მილიონამდეა. აქედან გამომდინარე, მსოფლიოში არის რეგიონები, სადაც ეპიდსიტუაციის გაუარესება ჯერ კიდევ აღინიშნება. ძირითადად, ეს მაინც „ომიკრონსა“ და მის ქვეშტამებთანაა დაკავშირებული. როდესაც პანდემია ჯერ არ დასრულებულა, ყოველთვის არის იმის რისკები, რომ ნებისმიერ ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოშიც ეპიდსიტუაცია გარკვეულწილად გაუარესდეს. მით უმეტეს, ეს რისკები ისეთ ქვეყნებში იზრდება, სადაც მოსახლეობის დიდი ნაწილი, ნახევარზე მეტი ვაქცინირებული არაა. მე ხაზს ვაქცინაციის მნიშვნელობას გავუსვამდი. იმისგან დაზღვეულები, რომ ეპიდსიტუაცია გაუარესდეს, არ ვართ. ამის გარკვეული მოლოდინები შესაძლოა, ზაფხულში დასაწყისში იყოს. ამიტომ, ამ ყველაფერს მომზადებულები უნდა შევხვდეთ. „ომიკრონის“ შტამმა ერთი რამ გვაჩვენა: დაავადების მძიმე მიმდინარეობით, ძირითადად, ის ადამიანები ხასიათდებიან, რომლებსაც სხვადასხვა ქრონიკული დაავადება აქვთ, ასაკოვნები არიან. ეპიდსიტუაციის შემდეგი გაუარესების შემთხვევაში, მძიმე პაციენტების რაოდენობის ზრდის პრევენცია რომ მოვახდინოთ, მნიშვნელოვანია, რისკჯგუფებში ვაქცინაციის პროცესი უფრო აქტიურად წარიმართოს. ვაქცინაციამ აჩვენა, რომ „ომიკრონის“ შემთხვევაში სამჯერადი და ოთხჯერადი დოზებით ვაქცინაცია დაავადების მძიმე მიმდინარეობისგან მაღალი პროცენტით იცავს.

ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ უკვე ბევრი კვლევაა ჩატარებული – „ომიკრონის“ გადატანის შემდეგ, დაახლოებით, 90-120 დღეში შეიძლება, ჩვენი იმუნიტეტის შესუსტდეს, ანუ დაავადების გადატანის შედეგად დარჩენილ ანტისხეულებს დამცველობითი ფუნქცია შეიძლება, აღარ ჰქონდეს და რეინფექციის რისკები იზრდება.

„ომიკრონის“ გადატანის შემდეგ რეინფიცირების შემთხვევების ზუსტი ქართული სტატისტიკა ამ ეტაპზე არ ვიცით. თუმცა, როგორც აღვნიშნე, „ომიკრონის“ გადატანიდან დაახლოებით 90 დღის გასვლის შემდეგ რეინფექციის რისკები საკმაოდ იზრდება. აღსანიშნავია ისიც, რომ „ომიკრონის“ სხვადასხვა ქვეშტამი ცირკულირებს, აქედან გამომდინარე, რეინფიცირების რისკები არის. „ომიკრონის“ გადატანის შემდეგ ჩამოყალიბებული იმუნიტეტი არ არის ისეთი მყარი, როგორიც წინამორბედი შტამების დროს იყო“, – განაცხადა გოგინავამ.

ინფექციონისტის თქმით, თუ პანდემიის ახალი ტალღა დაიწყება, ის უფრო მსუბუქი იქნება.

„თუ ვაქცინაციის პროცესი რისკჯგუფებში უფრო აქტიურად ჩატარდება, თუ შევძლებთ, რომ ამ ჯგუფებში, 80-85 %-ის ვაქცინით მოცვა მოხდება, ეს ხელს შეუწყობს იმას, რომ, თუ ეპიდსიტუაცია გაუარესდება, ჩვენ მძიმე პაციენტების ის რაოდენობა არ გვეყოლება, რაც წინა პერიოდში გვყავდა. ასევე, აღვნიშნავ იმას, რომ ქვეყანაში ანტივირუსული პრეპარატია ხელმისაწვდომი, რომელიც საკმაოდ ეფექტიანია. მისი სწორი გამოყენება დაავადების მძიმე მიმდინარეობას 80-დან 90- %-მდე ამცირებს. მე მაინც ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, თუ იქნება ახალი ტალღა, ის უფრო მსუბუქი იქნება და მისი მართვის ბერკეტები მეტად გვაქვს, ვიდრე წინა პერიოდში გვქონდა.

იქიდან გამომდინარე, რომ მსოფლიოში პანდემია ჯერ კიდევ არსებობს და დღეში ინფიცირების 500 000 ახალი შემთხვევაა, ეპიდსიტუაციის გაუარესების რისკები ჯერ კიდევ რჩება, ამიტომ, ეს რისკები რაც შეიძლება მინიმუმადე უნდა დავიყვანოთ, ამას ვაქცინაციის პროცესის უფრო აქტიური წარმართვა, არსებული რეკომენდაციების და რეგულაციების დაცვა სჭირდება. ზაფხული მოდის და შეიძლება, ეს რეკომენდაციები და რეგულაციები რთული შესასრულებელია, მაგრამ მაქვს განცდა, რომ ეს ბოლო პანდემიური ზაფხული იქნება. შემდეგ ზაფხულს კოვიდპანდემიის გარეშე შევხვდებით. კიდევ ცოტა ხნით, უმჯობესი იქნება, თუ არ მოვეშვებით და სპეციალისტების რეკომენდაციებს დავიცავთ“, – განაცხადა ალექსანდრე გოგინავამ.

ცნობისთვის, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 132 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 3 პაციენტი.

 

kvira.ge

იხილეთ ასევე

ბიძინა კულუმბეგოვი: ჩვეულებრივი ნიღაბი „კრაკენისგან“ ვერ დაგვიცავს

ომიკრონის ახალი შტამის, „კრაკენის“ მოსალოდნელი დომინანტობის მიუხედავად, მსოფლიოს კორონავირუსის ახალი, მძიმე ტალღა, როგორიც წინა პერიოდებში …