მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » კლინიკები ჯანდაცვის მინისტრის „მტკიცებულებების და დაკონკრეტების გარეშე“ გამოთქმულ ბრალდებებს აპროტესტებენ

კლინიკები ჯანდაცვის მინისტრის „მტკიცებულებების და დაკონკრეტების გარეშე“ გამოთქმულ ბრალდებებს აპროტესტებენ

ჯანდაცვის მინისტრის გუშინდელ განცხადებებს ჯანდაცვის ასოციაცია პასუხობს, რომელიც კერძო კლინიკებს აერთიანებს. ასოციაციის განცხადებაში ნათქვამია:

„ბოლო ორი წლის მანძილზე, COVID-19 პანდემიამ კაცობრიობა მრავალგვარი გამოწვევების წინაშე დააყენა. პაციენტების ჯანმრთელობის მართვის პასუხისმგებლობა მძიმე ტვირთად დააწვა სამედიცინო დაწესებულებებსა და პერსონალს, რომელთაც ყოველწუთიერად უწევდათ ბრძოლა პაციენტების სიცოცხლის გადასარჩენად. კოვიდ პანდემიის მართვაში 100-მდე კლინიკა იყო ჩართული, რომელთა უმეტესი ნაწილი “ჯანდაცვის ასოციაციის” წევრია.

საქართველოს ჯანდაცვის სისტემა, ჯანდაცვის პოლიტიკაში არსებული მრავალი ხარვეზის გათვალისწინებით, მნიშვნელოვნად ჩამორჩება განვითარებული ქვეყნების ჯანდაცვის სისტემებს. ეს განსაკუთრებით თვალსაჩინო გახდა პანდემიის პერიოდში. ყველაფრის მიუხედავად, კოლაფსის საფრთხის პირას მყოფმა ჰოსპიტალურმა სექტორმა შეძლო, რომ პაციენტის ინტერესი მაქსიმალურად დაეცვა სისტემური ხარვეზების უარყოფითი გავლენისა და შედეგებისგან.

ჯანდაცვის მინისტრისა და ცალკეული სახელმწიფო მოხელეების მხრიდან ბოლო პერიოდში გაკეთებულ განცხადებებს გადაჭარბებული საწოლფონდისა და სახელმწიფოს თანხების არამიზნობრივი გამოყენების შესახებ, შესაძლოა მრავალგვარი ინტერპრეტაცია მიეცეს და ეჭვქვეშ დააყენოს კეთილსინდისიერი სამედიცინო პერსონალის რეპუტაცია, რომელიც ხშირად საკუთარი სიცოცხლის ფასად იბრძოდა სხვის გადასარჩენად და ასევე შელახოს სამედიცინო დაწესებულების რეპუტაცია, რომელიც სახელმწიფო რესურსს დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება.

მიგვაჩნია, რომ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მხრიდან მოკვლევის დასრულებამდე, ყოველგვარი მტკიცებულების და დაკონკრეტების გარეშე სამედიცინო დაწესებულებების მხრიდან სახელმწიფო რესურსის ბოროტად გამოყენებაზე საუბარი რეპუტაციულ ზიანს აყენებს განურჩევლად ყველა სამედიცინო დაწესებულებას და ჯანდაცვის ასოციაციის თითოეულ წევრს.

ბუნებრივია, პანდემიის მართვის გამოცდილება უცხო იყო როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორისთვის, სადაც მცირედი გადაცდომა გარდაუვალი იქნებოდა. შეცდომებს სჭირდება გაანალიზება, საზოგადოების სხვადასხვა წევრების ჩართულობა, და ჰოსპიტალური სექტორის და სამედიცინო პერსონალის რეაბილიტაციაზე ზრუნვა, რომ მომავალში, რყევების გარეშე მოხდეს ანალოგიურ სირთულეებთან გამკლავება.“

შეგახსენებთ, რომ გუშინ ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი მორიგი მწვავე განცხადებებით გამოვიდა წარსულში კოვიდის მართვაში ჩართული კლინიკების მიმართ და განაცხადა, რომ მონიტორინგის შედეგად ამ კლინიკებში მთელი რიგი დარღვევები გამოვლინდა. მინისტრმა არც დანაშაულის ფაქტების გამოვლენის და კონკრეტული პირების პასუხისგებაში მიცემა გამორიცხა. კერძოდ, მისი თქმით, კლინკებში ირღვეოდა პაციენტების მიღების და გაწერის კრიტერიუმები და ხელოვნურად ხდებოდა პაციენტების რაოდენობის ზრდა.

მისივე თქმით, პიკურ პერიოდში კლინიკებში საშუალოდ 6 ათასი პაციენტი იყო იმ დროს, როცა მობილიზებული იყო 9 200 საწოლი. აზარაშვილის თქმით, იანვარში, როცა მან უწყება ჩაიბარა და სიტუაცია გააანალიზა, ჩათვალა, რომ ამდენი საწოლის აუცილებლობა არ იყო და პირველი 1700 საწოლი პირველივე კვირაში გააუქმა. აზარაშვილის განცხადებით, კლინიკები მაშინაც გამოთქვამდნენ ბევრ პრეტენზიას, რომ სახელმწიფო არასწორ ნაბიჯებს დგამდა, ქვეყანა კი პანდემიის პიკში შედიოდა და საკმარისი საწოლები არ გვექნებოდა, თუმცა, მინისტრის განცხადებით, ახლა ვნახეთ, რომ ეს გადაწყვეტილება გამართლებული იყო.

„2 წლის განმავლობაში მინიმუმ 40%-ს ცარიელ საწოლებში სახელმწიფო იხდიდა ფულს,“ – აღნიშნა მინისტრმა.

მისივე თქმით, კოვიდპანდემიის ორი წლის განმავლობაში სახელმწიფომ მინიმუმ 1 მილიარდი ლარი გადაუხადა კლინიკებს.

მინისტრმა ამ კონტექტსში კიდევ ერთ პრობლემაზე ისაუბრა: „დანაშაულია, ჩემი აზრით, როდესაც ექთნებს და ექიმებს სახელმწიფოს მიერ დაწესებულ დანამატებს არ აძლევდნენ და სამწუხაროდ არის შემთხვევები, როცა დირექტორები და მოადგილეები 5-10-ჯერ იზრდიდნენ ხელფასებს მათ ხარჯზე.“

ზურაბ აზარაშვილის თქმით, ინფექციების კონტროლის, ასევე ფინანსური თუ მკურნალობის პროტოკოლების შესრულების კუთხით მიმდინარე მონიტორინგის შედეგები გასაჯაროვდება და კონკრეტული კლინიკებიც დასახელდება, ამასთან, მან არ გამორიცხა, რომ ცალკეული პირების პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს.

„შეუძლებელია და პრინციპულად მიუღებელია, რომ სახელმწიფო თავისი მოქალაქეების და ბიუჯეტის ხარჯზე კონკრეტულ კლინიკებს ამდიდრებდეს და კლინიკები არასწორი გზით „შოულობდნენ“ ფულს,“ – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

იხილეთ ასევე

ბიძინა კულუმბეგოვი: ჩვეულებრივი ნიღაბი „კრაკენისგან“ ვერ დაგვიცავს

ომიკრონის ახალი შტამის, „კრაკენის“ მოსალოდნელი დომინანტობის მიუხედავად, მსოფლიოს კორონავირუსის ახალი, მძიმე ტალღა, როგორიც წინა პერიოდებში …