მთავარი » ჯანდაცვა » საყოველთაო ჯანდაცვა » თამარ გაბუნია და ილია ღუდუშაური ჯანდაცვის ასოციაციის წევრებს შეხვდნენ

თამარ გაბუნია და ილია ღუდუშაური ჯანდაცვის ასოციაციის წევრებს შეხვდნენ

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეები ჯანდაცვის ასოციაციის წევრებს შეხვდნენ. ინფორმაციას სამინისტრო ავრცელებს, თუმცა შეხვედრის კონკრეტულ თემებსა და მხარეების შეთავაზებებზე რელიზში არაფერია ნათქვამი.

„თამარ გაბუნიამ და ილია ღუდუშაურმა, კერძო კლინიკების წარმომადგენლებთან ერთად, ჰოსპიტალურ სექტორში არსებულ გამოწვევებზეისაუბრეს.

განიხილეს მათთვის COVID სტატუსის დასრულებისა და პანდემიამდელ ვითარებაში დაბრუნების საკითხი. შეხვედრაზე, მხარეებმა, სხვადასხვა პროგრამებისა და სერვისების ტარიფების განსაზღვრაზეც იმსჯელეს. სამინისტრო, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან ერთად აქტიურად მუშაობს, რათა უახლოეს მომავალში ანაზღაურების ახალი სისტემა დაინერგოს.

იგეგმება DRG ანუ დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფების მოდელზე გადასვლა, რომლის თანახმადაც დაფინანსების მოცულობას პაციენტის დიაგნოზი, ჰოსპიტალიზაციის ხანგრძლივობა და სხვა კრიტერიუმები განსაზღვრავს. სისტემის საშუალებით, ავტომატურად გამოითვლება ის სამართლიანი ფასი, რასაც სამინისტრო მოქალაქეების ხარისხიანი მკურნალობისათვის გადაიხდის.

მინისტრის მოადგილეებმა აღნიშნეს, რომ ერთობლივ საკითხებზე, კლინიკებთან ისეთ გადაწყვეტილებებს მიიღებენ, რაც ჰოსპიტალურ სექტორს არ დააზარალებს, თუმცა, მთავარი, პაციენტისთვის ჯანდაცვის სერვისებზე მაქსიმალური ხელმისაწვდომობა იქნება,“- ნათქვამია ჯანდაცვის უწყების მიერ გავრცელებულ რელიზში.

კერძო კლინიკები ბოლო პერიოდში ჯანდაცვის სამინისტროს რამდენიმე თემაზე კომუნიკაციას სთხოვდნენ.

კერძოდ, მათი თქმით, იმის შესახებ, რომ სახელმწიფო კოვიდ-კლინიკების დაფინანსების ახალ სისტემაზე გადადიოდა, სამედიცინო დაწესებულებებმა კონტრაქტის შეწყვეტამდე 5 დღით ადრე გაიგეს, რამაც ისინი მძიმე მდგომარეობაში ჩააყენა.

რაც შეეხება დაფინანსების მოდელს, პანდემიის დროს სახელმწიფო კლინიკებისგან კოვიდისთვის საწოლფონდს ქირაობდა და ამ ქირაში იხდიდა გარკვეულ თანხას, დამატებით კი კონკრეტული პაციენტების მკურნალობის თანხებს ანაზღაურებდა.

ახლა კი მოხდება კოვიდის, როგორც რიგითი ნოზოლოგიის  განფასება.

იხილეთ ასევე

10 წლის განმავლობაში იშვიათი დაავადებების პროგრამის ბიუჯეტი გაათმაგდა

„ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს 23 მიზნობრივ სახელმწიფო პროგრამას, რომელთა საშუალებით, 2022 წელს, 600 000-ზე მეტი ბენეფიციარისთვის, …