მთავარი » ჯანდაცვა » საყოველთაო ჯანდაცვა » „სექტორში ინვესტიციები სტიმულირებული აღარ არის“ – კლინიკები სამინისტროსთან ეფექტიან კომუნიკაციას ითხოვენ

„სექტორში ინვესტიციები სტიმულირებული აღარ არის“ – კლინიკები სამინისტროსთან ეფექტიან კომუნიკაციას ითხოვენ

ერთადერთი გამოსავალი, რომ ჯანდაცვის სექტორი გადავარჩინოთ, არის სწორი ურთიერთობა და კომუნიკაცია კერძო სექტორსა და სახელმწიფოს შორის ისევე, როგორც ეს პანდემიის პერიოდში ხდებოდა. ამის შესახებ „ჯეო ჰოსპიტალსის“ გენერალურმა დირექტორმა ზურაბ ქიტოშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, დარგს სხვადასხვა პრობლემა აქვს და მთავარია არსებული ფინანსების სწორად გადანაწილება.

როგორც ქიტოშვილი ამბობს, მთელი რიგი გეოპოლიტიკური ფაქტორების გამო როგორც ქვეყანაში, ისე რეგიონში, სექტორს არ აქვს მოლოდინი, რომ სახელმწიფო ერთ დღეში გაზრდის ტარიფებს და „ერთ მშვენიერ დღეს“ ახალ რეალობაში აღმოვჩნდებით.

„ვთვლი, რომ სახელმწიფოსა და ჩვენს შორის არსებობს  პოტენციალი, რომ თანხები, რასაც ჯანდაცვის მიმართულებით სახელმწიფო განკარგავს, უფრო ეფექტურად და სწორად გადანაწილდეს. დღეს ჯანდაცვაში მთელი რიგი მიმართულებები ფინანსდება მომგებიანობის სხვადასხვა მარჟით. ბევრი მათგანი საკმაოდ წამგებიანია, ზოგი მათგანი – მცირე დონით მომგებიანი. საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი ერთმანეთს აბალანსებს. ეს ყველაფერი გვაძლევს იმ შედეგს, რომ სექტორის მიერ თავის დროზე გაწეული ინვესტიციები უკვე გაწეული ხარჯია, რომელიც დღეს სტიმულირებული აღარ არის, რომ კვლავ განავითაროს. ჯანდაცვის სექტორი ერთერთი ყველაზე მაღალტექნოლოგიური დარგია მთელ მსოფლიოში, რომელიც მუდმივ განახლებას და გადაიარაღებას საჭიროებს. ვთვლი, რომ სატარიფო პოლიტიკის გადანაწილებით და მათ შორის იმ ფინანსებით, რომელიც გვაქვს, და დამატებით ის, რომ არსებობდეს სადაზღვევო სექტორის უფრო გააქტიურება და ბენეფიციარების მხრიდან თანაგადახდა, შეიძლება რაღაც გამოსავალი არსებობდეს,“- განაცხადა ზურაბ ქიტოშვილმა.

მისი თქმით, დღეს ერთადერთი გამოსავალი, რომ სექტორი გადავარჩინოთ, არის სწორი ურთიერთობა და კომუნიკაცია კერძო სექტორსა და სახელმწიფოს შორის. ის ამბობს, რომ პანდემიის დროს კერძო სექტორი არ ყოფილა მხარე და სახელმწიფოსთან ერთად საერთო ინტერესებისთვის იბრძოდნენ. ქიტოშვილის განცხადებით, ახლაც ის დროა, რომ სახელმწიფო და კერძო სექტორი უნდა გაერთიანდეს და სწორი სტრატეგიის დაგეგმვით შეძლონ დარგის გადარჩენა.

შეგახსენებთ, რომ ამ ეტაპზე ჯანდაცვის სამინისტრო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ახალი ტარიფების დადგენაზე მუშაობს.

იხილეთ ასევე

10 წლის განმავლობაში იშვიათი დაავადებების პროგრამის ბიუჯეტი გაათმაგდა

„ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს 23 მიზნობრივ სახელმწიფო პროგრამას, რომელთა საშუალებით, 2022 წელს, 600 000-ზე მეტი ბენეფიციარისთვის, …