აჭარაში ჯანდაცვის ახალი პროგრამა ამოქმედდება, რომლის ფარგლებშიც უშვილობის დიაგნოსტიკა და მკურნალობა დაფინანსდება. პროგრამა წელს ივლისის თვიდან პილოტურ რეჟიმში დაიწყება, რისთვისაც ბიუჯეტიდან ნახევარი მილიონი ლარი გამოიყოფა.
უშვილობის დიაგნოსტირებისა და მკურნალობის საშუალო საბაზრო ფასი დღეს დაახლოებით 10 000 ლარია. ამ სერვისს საქართველოში არც ერთი სადაზღვევო პაკეტი არ ანაზღაურებს.
როგორ იმუშავებს ახალი პროგრამა? – ამის შესახებ გამოცემა „ბათუმელები“ აჭარის ჯანდაცვის მინისტრს, ნინო ნიჟარაძეს ესაუბრა.
– რამდენად მაღალია აჭარაში ამ სერვისის დაფინანსებაზე მოთხოვნა?
– მომართვიანობის ზუსტი რიცხვების თქმა გამიჭირდება, რადგან მოსახლეობამ იცოდა, რომ უშვილობის დიაგნოსტიკა და მკურნალობა არ იფარებოდა, ამიტომ ძირითადად მოდიოდა მოთხოვნა მატერიალურ დახმარებაზე, იმისთვის, რომ ჩაეტარებინათ ხელოვნური განაყოფიერება ან სხვადასხვა ნოზოლოგიის დაფინანსებაზე (რისი დაფინანსებაც იყო შესაძლებელი), რაც იწვევდა უშვილობას და რეალურად, რისთვის მოგვმართავდა პაციენტი, ნაკლებად ჩანდა.
თუმცა რეალური სურათი პაციენტებთან ურთიერთობის დროს, თუნდაც არასამთავრობო ორგანიზაციის მოწოდებული ინფორმაციით, იყო საკმაოდ სერიოზული და საყურადღებო.
– როდიდან ამუშავდება ეს პროგრამა?
– ჩვენ ამ თემაზე ვმუშაობდით დაახლოებით სამი წლის განმავლობაში, ვადარებდით მონაცემებს და ძირითადად გვიწევდა თანხების თხოვნა მთავრობის სარეზერვო ფონდისთვის ან სხვადასხვა მატერიალური დახმარების გაწევა სოციალურად მოწყვლადი ჯგუფებისთვის, რათა მინიმალური სახსრები მოეპოვებინათ ამ პრობლემასთან დაკავშირებული კვლევებისა და მკურნალობისთვის. არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდანაც დიდი იყო აქტიურობა.
პროგრამა პილოტურად ამოქმედდება მიმდინარე წელს, კერძოდ, ივნისის თვიდან, ბიუჯეტის ცვლილება როგორც კი განხორციელდება, ოფიციალურად დამტკიცდება ახალი პროგრამა და სავარაუდოდ ივლისის თვიდან უკვე დაიწყება სერვისის დაფინანსება.
– რამდენით დაფინანსდება თითოეული პროცედურა, საბაზრო ფასი დადგენილია ამ პროცედურების?
– იცით, რომ ღირებულებები და ფასები, სხვადასხვა გარემოებიდან გამომდინარე, იცვლება. გვქონდა სერვისის მომწოდებლებთან ინტენსიური კომუნიკაცია, რომ ისინი წამოსულიყვნენ ჩვენთან ურთიერთობაზე და ჩვენთვის მისაღებ ფასად შემოეთავაზებინათ ეს სერვისები. თანხების დასახელებისგან ვიკავებთ თავს, რადგან ბიუჯეტის დამტკიცებამდე დაფინანსება შეიძლება გაიზარდოს ან შემცირდეს დაახლოებით ათასი ლარით. წინ არის თვე-ნახევარი. დაახლოებით ნახევარი მილიონი გვაქვს გათვლილი წელს, ნახევარ წელზე.
– ითქვა, რომ დაფინანსდებიან სხვადასხვა სოციალური კატეგორიის პირები, მაგრამ პრიორიტეტული რა იქნება – ასაკი, სოციალური სტატუსი?
– დაფინანსების მოდელი ამ პროგრამაში იქნება ვაუჩერიზაციის პრინციპით, მაგრამ დაფინანსების მოცულობა იქნება სხვადასხვა. პროგრამა გაითვალისწინებს ყველა ბენეფიციარის დაფინანსებას, რომელიც ჩვენი რეგიონის რეგისტრაციის მქონე პირი იქნება, მაგრამ პრიორიტეტულობა დაფინანსების პროცენტულ წილთან მიმართებაში მიენიჭება სოციალურად მოწყვლად ჯგუფებს და შშმ სტატუსის პირებს. მაგალითად, 200 000-მდე ქულის მქონე პირისთვის და ფიზიკურად შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე პირებისთვის ეს სერვისი იქნება 100%-ით, ანუ სრულად დაფარული. მაგრამ სხვა ჯგუფებისთვის, ვისაც ქულა აქვს მაღალი და არ აქვს სტატუსი, ეს იქნება 70%-იანი თანაგადახდით [30% მოქალაქის მხრიდან]. გარდა ამისა, ჩვეულებრივად, რეგულარულად დასაქმებული პირებისთვის, თანაგადახდა იქნება უფრო მაღალი – 50%.
– სერვისის დაფინანსება განიხილება ყველა მსურველისთვის, თუ მხოლოდ წყვილებისთვის?
– რახან ჩვენ დავიწყეთ პილოტურად ეს პროგრამა, შუა წელია და ნახევარი წელი უნდა ავიღოთ განსახორციელებლად, ამ ეტაპზე ეს იქნება უშვილო წყვილებისთვის. მიმდინარე წელს საუბარია წყვილზე, თუმცა თუ გამოიკვეთება სხვა საჭიროებები, რომლებიც მოსახლეობის საკეთილდღეოდ შეიძლება იქნას გაწეული, რა თქმა უნდა, ამასაც გავითვალისწინებთ, მაგრამ ამ ეტაპზე მხოლოდ წყვილებზე ვსაუბრობთ.
– როგორ შეირჩევა სამედიცინო დაწესებულებები?
– ვაუჩერიზაციის პრინციპი ნიშნავს, რომ მოქალაქე ირჩევს იმ რეპროდუქციულ ცენტრს, კლინიკას, სადაც სურს პროცედურის/პროცედურების ჩატარება, მაგრამ ვიდრე ჩვენ კლინიკასთან გავაფორმებთ ხელშეკრულებას, აუცილებლად იქნება გასათვალისწინებელი გარკვეული მოცემულობა.
სამინისტრო ხარისხზე იქნება ორიენტირებული, ის მინიმალური ინდიკატორები, რის მიხედვითაც შევარჩევთ კლინიკებს, იქნება ჩატარებული ხელოვნური განაყოფიერების რაოდენობა, მათი შედეგები, პაციენტების კმაყოფილების დონე უკვე გაწეულ სერვისებთან მიმართებებში, გართულებების მაჩვენებელი და ა.შ. ჩვენ ახლა ამ ინდიკატორების დახვეწაზე ვმუშაობთ, რეკომენდაციებს გავდივართ მეანგინეკოლოგთა ასოციაციასა და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსთან.
– ბევრი წყვილი უცხოეთში, კერძოდ თურქეთში მიდის სამკურნალოდ, ამ შემთხვევაში რა ხდება?
– ჩვენ ამ სერვისებს დავაფინანსებთ მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ კლინიკებში. უცხოეთი უკვე ნიშნავს საზღვარგარეთ მკურნალობის დაფინანსების მოპოვებას, რაც საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ექსპერტთა ჯგუფის დასკვნასთან არის დაკავშირებული და გარდა ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციისა და ბავშვთა ონკოჰემატოლოგიური პათოლოგიებისა, ჩვენ ამას დამოუკიდებლად არ ვაფინანსებთ უცხოეთში.
– თითო წყვილი ერთჯერადად დაფინანსდება, თუ გამეორებით ცდაზეც ეძლევათ შანსი?
– ილუზია არ გვაქვს და ვიცით, რომ 100%-იან შედეგს ყოველთვის პირველივე მცდელობაზე ვერ მივაღწევთ, მსოფლიოში არ ხდება ასე, ამიტომ ეს გავითვალისწინეთ და განმეორებითი მცდელობის დაფინანსების შესაძლებლობა შევქმენით შეზღუდულ დროებში, კერძოდ, 4 თვის შიგნით, როგორც ეს ჩვეულებრივ, ექსპერტულადაა მოწოდებული. აქ იქნება განსაზღვრული ლიმიტირებული დაფინანსება.