მთავარი » ჯანდაცვა » საყოველთაო ჯანდაცვა » პანდემიის შემდეგ, ექიმები საქართველოში ტუბერკულოზის შემთხვევები ზრდას ელოდებიან

პანდემიის შემდეგ, ექიმები საქართველოში ტუბერკულოზის შემთხვევები ზრდას ელოდებიან

წელს ამ დღის თემაა – „მეტი ინვესტიცია ტუბერკულოზის დასასრულებლად და სიცოცხლის გადასარჩენად“. ყურადღება მახვილდება რესურსების ინვესტირებაზე, რაც აუცილებელია ტუბერკულოზის წინააღმდეგ ბრძოლის გასაძლიერებლად. ეს ინვესტიციები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია COVID-19-ის პანდემიის კონტექსტში, რომელმაც ტუბერკულოზთან ბრძოლაში მიღწეული პროგრესი რისკის ქვეშ დააყენა.

ფთიზიატრ-პულმონოლოგის მარიკა ერისთავის განცხადებით, პანდემიის დროს იყო შემთხვევები, როცა ტუბერკულოზის მქონე პაციენტებს ეშინოდათ სახლიდან გამოსვლის, რომ კოვიდი, არ დამართნოდათ, არ მიდიოდნენ მონიტორინგზე, მედიკამენტის მისაღებად.

„შეფერხდა ზედამხედველობა მიუხედავად იმისა, რომ საჭიროების შემთხვევაში პაციენტებს ექიმები სახლში აკითხავდნენ. უმეტეს შემთხვევაში ტუბერკულოზის მქონე პაციენტებმა, თუ მათ არ ჰქონდათ ქრონიკული დაავადებები, კოვიდი მშვიდად და კარგად გაიარეს. სამწუხაროდ, იყო ლეტალობის 4 შემთხვევა.

იმის გამო, რომ მიმართვიანობა შემცირდა, ვდგავართ საშიშროების წინაშე, რომ ტუბერკულოზით დაავადებული პაციენტები გვიან გამოვლინდებიან, შორს წასული ფორმების მკურნალობა კი უფრო რთულია. ამასთან, გამოუვლენელ პაციენტს უფრო მეტ ადამიანთან ექნება კონტაქტი და დააინფიცირებს, ამიტომ მოლოდინია, რომ ტუბერკულოზის შემთხვევები გაიზრდება,“- განაცხადა ერისთავმა.

ტუბერკულოზი რჩება მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მომაკვდინებელ ინფექციურ დაავადებად. მსოფლიოში აქტიური ტუბერკულოზით ყოველწლიურად ავადდება 9 მილიონამდე ადამიანი და იღუპება დაახლოებით 1,5 მილიონი.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, უკანასკნელ პერიოდში საქართველოში მიღწეულია მნიშვნელოვანი პროგრესი ტუბერკულოზის მართვის სხვადასხვა მიმართულებით. მათ შორის, ბოლო მონაცემებით საქართველოში სენსიტიური ტუბერკულოზის მქონე პაციენტებისთვის მკურნალობის წარმატების მაჩვენებელმა 85%-ს, ხოლო MDR/RR-TB შემთხვევების მკურნალობის შედეგებმა 75%-ს მიაღწია.

ბოლო 10 წლის განმავლობაში, საქართველოში ტუბერკულოზის ყველა ფორმის მნიშვნელოვანი კლების ტენდენცია დაფიქსირდა – საშუალოდ 6.6% წელიწადში. ახლად დიაგნოზირებული ტუბერკულოზის შემთხვევათა მაჩვენებელი შემცირდა 65%-ით 112-დან 40-მდე 100000 მოსახლეზე. ტუბერკულოზი 2021 წელს 1646 ადამიანს დაუდგინდა, რაც წინა წელთან შედარებით 10%-ით ნაკლებია. 2020-2021 წლებში ტუბერკულოზის შემთხვევების გამოვლენის მნიშვნელოვანი შემცირება სავარაუდოდ COVID-19 ეპიდემიის გავლენას უკავშირდება.

იხილეთ ასევე

10 წლის განმავლობაში იშვიათი დაავადებების პროგრამის ბიუჯეტი გაათმაგდა

„ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს 23 მიზნობრივ სახელმწიფო პროგრამას, რომელთა საშუალებით, 2022 წელს, 600 000-ზე მეტი ბენეფიციარისთვის, …