საქართველოს ჯანდაცვაში აუცილებელია რიგი სისტემური ცვლილებების გატარება. მათ შორისაა მოტივაციის შექმნა დამწყები ექიმისთვის. ამის შესახებ ჩეხეთში მცხოვრები ექიმი ივანე ჩაჩხიანი წერს. მის პოსტს პლატფორმა „სფიჩი“ აქვეყნებს.
სისტემური ცვლილებების აუცილებლობაზე საუბრისას ჩაჩხიანს მოჰყავს ახალგაზრდა ექიმების მაგალითი, რომლებიც რეზიდენტურას გადიან. მისი აზრით, ისინი უნდა ეუფლებოდნენ პაციენტთან დამოუკიდებელ ურთიერთობას, სამედიცინო პროცედურებს, ითვისებდნენ პრაქტიკულ ჩვევებს და ამავე დროს შავ სამუშაოსაც ასრულებდნენ.
„არ შეიძლება გასამრჯელოს მიღების ნაცვლად საფასურს იხდიდეს რეზიდენტურაში.
ვისურვებდი, რომ ახალგაზრდა ექიმებს აღარ დასჭირვებოდეთ საქართველოდან მასიურად წასვლა დასავლეთში გამოცდილების შესაძენად ან კვალიფიკაციის ასამაღლებლად. ახალგაზრდებო, ისწავლეთ, იშრომეთ და გაუფრთხილდით ურთიერთობებს. არ დაივიწყოთ საიდან მოდიხართ!“ – წერს ივანე ჩაჩხიანი.
ექიმი ყვება საკუთარ გამოვდილებაზე, როდესაც ჩეხეთის რესპუბლიკამ გამოაცხადა გრანტი დოქტორანტურაში ქირურგიის განხრით,რომლის წყალობითაც მან
გავიარე ერთწლიანი ინტენსიური კურსი ჩეხურ ენაში, შემდეგ კი მიიღო მონაწილეობა მისაღებ გამოცდებში და ჩაირიცხა პრაღის კარლის უნივერსიტეტის პირველი სამედიცინო ფაკულტეტის დოქტორანტურაში, საუნივერსიტეტო საავადმყოფოს პირველ ქირურგიულ კლინიკაში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია იმუნოლოგიურ-ქირურგიულ სამეცნიერო თემაზე. პარალელურად, აპრობაციული გამოცდების ჩაბარების შემდეგ, გაიარა სპეციალიზაციის ხანგრძლივი და რთული ეტაპი ზოგად ქირურგიაში. საუნივერსიტეტო კლინიკაში დაახლოებით 10 წელი დაჰყო. ისწავლა აგრეთვე ზლინის უნივერსიტეტში მედიცინის მართვა.
გიორგი ჩაჩხიანი ჩეხეთის სამედიცინო დეა ჯანმრთელობის დაზღვევის სისტემაზეც საუბრობს:
„ჩეხეთში დანერგილია მედიცინის და კერძოდ, ქირურგიის აქტუალური მიღწევების ყველა მეთოდი და საშუალება, როგორც დიაგნოსტიკის, ასევე მკურნალობის მიმართულებით. ჩეხეთის რესპუბლიკის პრიორიტეტია საყოველთაო სამედიცინო დაზღვევა თანასწორობის პრინციპით. აქ ყველა მოქალაქეს ერთნაირ სამედიცინო მომსახურებას უწევენ – იქნება ეს ქვეყნის პრეზიდენტი, თუ უსახლკარო. 18 წლამდე ბავშვებს, 26 წლამდე სტუდენტებს და პენსიონერებს, უფასო დაზღვევა აქვთ, რაც ყველანაირ სამედიცინო მომსახურებას მოიცავს სრული დაფინანსებით ესთეტიკური მედიცინისა და ზოგიერთი სტომატოლოგიური პროცედურის გარდა.
25 წელია ჩეხეთში ვცხოვრობ და ვმოღვაწეობ. ვარ სამედიცინო ჯგუფ ვამედ-მედიტერას რეგიონული საავადმყოფოს ქირურგიულ-ტრავმატოლოგიური კლინიკის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი. ჩემი ვიწრო სპეციალიზაცია არის მუცლის ღრუს ქირურგია, ქვედა კიდურების ვენების დაავადებები. ჩვენი კლინიკის პაციენტების სპექტრი მოიცავს აგრეთვე ტრავმატოლოგიის მთელ სპექტრს და უროლოგიასაც.
ადვილი არ არის უცხო ქვეყანაში ექიმის სპეციალობის სრულყოფილად დაუფლება. ორმაგად რთულია ინვაზიურ მედიცინაში და მით უმეტეს, ზოგად ქირურგიაში დახელოვნება, თუმცა ახალგაზრდა კოლეგებს ვურჩევ, რომ არ შეეშინდეთ, თავი არ აარიდონ ცხოვრებისეულ სიძნელეებს, რამეთუ დიდი მონდომებითა და დაუღალავი შრომით ყველაფრის მიღწევა შეიძლება. დროს უკან ვეღარ დააბრუნებთ. ამიტომ სანამ ახალგაზრდები ხართ, ბევრი იკითხეთ, ისწავლეთ და არ დაიშუროთ ენერგია, არ დაიზაროთ ღამის გათევაც. ექიმობა პაციენტთან გულითადი ურთიერთობის გარეშე არ არსებობს. შემდეგ კი არაფერი არ შეედრება განკურნებული და მადლიერი პაციენტის ღიმილს, რომელიც დახარჯულ ენერგიას ათმაგად ანაზღაურებს. ადამიანს ამხნევებს და სტიმულს აძლევს თბილი და მეგობრული ურთიერთობები კოლეგებთან სამსახურში, სადაც ექიმები ვატარებთ ჩვენი ცხოვრების უდიდეს ნაწილს. რეალური წარმატების მიღწევა რთული და ხანგრძლივი პროცესია, რომლის დროსაც შეიძლება იყოს დაბრკოლებებიც, რამაც არ უნდა შეგვაშინოს და უნდა გავაგრძელოთ წინსვლა მიზნისაკენ.“