„ფაიზერი“ მუშაობს კოვიდ-საწინააღმდეგო ვაქცინაზე, რომელიც ადამიანებმა მეოთხე დოზის, ანუ მეორე ბუსტერის სახით უნდა მიიღონ. თუმცა საუბარია სრულიად ახალ ვაქცინაზე, რომელიც კორონავირუსის აქამდე ცნობილ ყველა შტამზეა მორგებული. ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა.
მისი თქმით, კომპანია „ფაიზერი“ აფიქსირებს, რომ წლის ბოლომდე აუცილებლად ექნება ვაქცინა, რომელსაც ექნება დღემდე არსებული ყველა მუტაციის საწინააღმდეგო მოქმედება და, რაც მთავარია, ხანგრძლივი მოქმედების იქნება.
„ეს არ იქნება მხოლოდ ომიკრონზე გათვლილი და, რაც მთავარია, იქნება ერთწლიანი მოქმედების. ასეთია „ფაიზერის“ გეგმა. თუ ეს გეგმა შესრულდა, შემოდგომისთვის ალბათ მივიღებთ რეკომენდაციას ჯანმოსგან და შემოდგომის სეზონზე, წელიწადში ერთხელ, იქნება შესაძლებელი ამ ვაქცინის გაკეთება, ისევე როგორც ეს გრიპის ვაქცინის შემთხვევაშია, თუმცა გრიპის ვაქცინისგან განსხვავებით, რომელსაც მოქმედების 6-თვიანი ვადა აქვს, ახალ ვაქცინას ერთწლიანი მოქმედება ექნება,“ – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.
მისივე თქმით, ამ ვაქცინის გაკეთება მნიშვნელოვანი იქნება განსაკუთრებით რისკჯგუფებში შემავალი ადამიანებისთვის, რადგან კორონავირუსის ცირკულირება, შესაძლოა, წლები გაგრძელდეს და ისევე, როგორც გრიპი, სეზონური გამწვავებები ახასიათებდეს.