ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი 1 716 ადამიანს დაუდასტურდა, რაც ჩატარებული 19 857 ტესტიდან 8,64%-ს შეადგენს.
ბოლო 24 საათში 16 პაციენტი გარდაიცვალა.
რაც შეეხება აცრებს, გუშინ ვაქცინაცია 1 613-მა ადამიანმა ჩაიტარა. ისევ შემცირდა სტაციონარში მყოფი პაციენტების რაოდენობა – ამ ეტაპზე კოვიდ-კლინიკებში 1 324 ადამიანი გადის მკურნალობას.
ინტენსიურ განყოფილებებში 340 პაციენტი იმყოფება.
თბილისის ინფექციური კლინიკის ხელმძღვანელის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, მარტის ბოლოს ქვეყანაში ნახევარი მილიონი, ფაიზერის წარმოების ვაქცინა შემოვა. როგორც ცნობილია, არსებულ მარაგებს ვადა მარტის ბოლომდე აქვს. ამიტომ, ცერცვაძის თქმით, ქვეყანას რამდენიმე ასეული ათასი დოზა ვაქცინის გადაყრა მოგვიწევს.
„ყველაფერში ნუ ვიქნებით უარყოფითად ორიგინალურები. არ მოიძებნება მსოფლიოში ქვეყანა, სადაც ჰქონდათ ფაიზერით აცრის საშუალება და რამდენიმე ასეული ათასი დოზა გამოუყენებელი დარჩა. დამიჯერეთ: ვაქცინაცია, ვაქცინაცია და ვაქცინაცია! კორონავირუსი არ გამქრალა და ისევ იქნება კერები, არა ისე, როგორც იყო – 25 ათასი შემთხვევა დღეში და 80-85 გარდაცვალება, მაგრამ მუდმივად იქნება მცირე კერები და სამწუხაროდ, გარდაცვლილთა გარკვეული რაოდენობა,“ – აცხადებს ცერცვაძე და ამბობს, რომ ქვეყანას აქვს პაციენტების მკურნალობის ულტრათანამედროვე მკურნალობის საშუალება, გარდაცვალების შემთხვევები კი ძირითადად სტაციონარებისადმი დაგვიანებულ მიმართვიანობას უკავშირდება.