საქართველოში კოვიდპანდემიის მეექვსე ტალღა დასრულდა, თუმცა არ უნდა ჩავთვალოთ, რომ ყველაფერი უკან დარჩა. ამის შესახებ სპეციალისტები აცხადებენ და ამბობენ, რომ კორონავირუსის პრობლემა საქართველოსთვის წლის ბოლომდე აქტუალური იქნება.
იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული საბჭოს ხელმძრვანელის ივანე ჩხაიძის განცხადებით, ვირუსის გავრცელების მაჩვენებლები, კლების მიუხედავად, მაინც მაღალი რჩება.
„შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში მეექვსე ტალღა ჩამთავრდა, რადგან ჩვენ დავუბრუნდით იმ მაჩვენებელს, რომელიც მეექვსე ტალღამდე გვქონდა. შემცირებულია ყველა კომპონენტი, მაგრამ ცალ-ცალკე თუ განვიხილავთ – 1500 ინფიცირებული, 20 გარდაცვლილი და დადებითობის 11%-იანი მაჩვენებელი ნამდვილად არ შეიძლება განხილული იყოს როგორც კარგი და მისაღები პანდემიის კონტროლის თვალსაზრისით. ჩვენი გულისტკივილი ვაქცინაციას ეხება – აქაც სტაბილურად დაბალი მაჩვენებელია. არ უნდა ჩავთვალოთ, რომ ყველაფერი უკან არის და პანდემია და კორონავირუსი აღარ წარმოადგენს ქვეყნის მთავარ საზრუნავს. ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის პირველ საზრუნავად რჩება კორონავირუსი და ალბათ ასე იქნება 2022 წლის განმავლობაში,“ – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.
ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ასევე ყურადღებას ამახვილებს ვაქცინაციაზე, რადგან მიიჩნევს, რომ პოპულაციური იმუნიტეტის იმედად ვერ ვიქნებით.
„კოვიდის მიმდინარეობა თავისი შინაარსით, მიუხედავად მუტაციისა, პოპულაციურ იმუნიტეტთან ვერ მიგვიყვანს. ეს იმას ნიშნავს, რომ ინფექცია იარსებებს ადამიანებს შორის, მუდმივად იცირკულირებს და მუდმივად იქნება ტალღისებური მიმდინარეობა, თუმცა პანდემიური ხასიათი, როგორც ჩანს, აღარ ექნება და ენდემიურ ფორმად გადაიქცევა. რადგან ვირუსი ჩვენს შორის გააგრძელებს ცირკულაციას, ძალიან მნიშვნელოვანია, ადამიანებმა სწორი აქცენტები გააკეთონ მისი მთავარი პრევენციის საშუალებაზე, როგორიცაა ვაქცინაცია,“- განაცხადა კულუმბეგოვმა.