მთავარი » ჯანდაცვა » საყოველთაო ჯანდაცვა » საქართველო იშვიათი დაავადებების მსოფლიო დღეს აღნიშნავს – პაციენტები სახელმწიფოს დახმარებას ელოდებიან

საქართველო იშვიათი დაავადებების მსოფლიო დღეს აღნიშნავს – პაციენტები სახელმწიფოს დახმარებას ელოდებიან

საქართველო იშვიათი დაავადებების მსოფლიო დღეს მეცამეტედ შეუერთდა.

ამ დღესთან დაკავშირებით, სასტუმრო „რუმსი ჰოტელ თბილისში“ შეხვედრა გაიმართება. ღონისძიება   გენეტიკური და იშვიათი დაავადებების საქართველოს ფონდის (GeRaD)  მხარდაჭერით მეცამეტედ ეწყობა და მიზნად ისახავს საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდას იშვიათი დაავადებების, მათი დიაგნოსტირების გაუმჯობესებასა და მკურნალობაზე  ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის შესახებ: „შემოგვიერთდით, რათა გავხადოთ იშვიათი დაავადებების ხმა მისაწვდომი და ყურადსაღები“.

გენეტიკური და იშვიათი დაავადებების საქართველოს ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ოლეგ ქვლივიძე, საქართველოს პედიატრ ნევროლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი ნანა ტატაშვილი, მოზრდილთა ნერვოლოგი ნანა კვირკველია ისაუბრებენ იშვიათი დაავადების სიმძიმის, მკურნალობის მიმართულებით დღეს არსებულ პრობლემებსა და  მიღწეულ შედეგებზე.

საქართველოში, უკვე არსებობს გარკვეული გამოცდილება იშვიათი დაავადებების მართვის სფეროში.  ზოგიერთი მათგანის მკურნალობა უკვე სახელმწიფოს მიერ ფინანსდება, მაგრამ ბევრი დაავადება ჯერ კიდე ელოდება სახელმწიფო ფინანსურ მხარდაჭერას. ფონდის საქმიანობის ეფექტური დაგეგმვის მიზნით, ყოველ წელს თებერვლის ბოლოს, გენეტიკური და იშვიათი დაავადებების საქართველოს ფონდი აცხადებს წლის პრიორიტეტებს. გასულ წლებში ანალოგიური ადვოკატირების თვალსაზრისით, პრიორიტეტული დაავადებები იყო: იდიოპატიური ართრიტი, ფილტვის იდიოპათიური ფიბროზი, ცისტური ფიბროზი და სხვა.

გენეტიკური და იშვიათი დაავადებების საქართველოს ფონდის  (GeRaD)  მიერ 2020-2021 წლებში პრიორიტეტად გამოცხადებული დაავადების –  სპინალური კუნთოვანი ატროფიის (სკა) მკურნალობა 2022 წლიდან ხელმისაწვდომი გახდა.

ღონისძიებაზე ასევე მოწვეული არიან ექიმები, გენეტიკოსები, ნევროლოგები, პაციენტთა ასოციაციის წევრები, პაციენტის ოჯახის წევრები, ჯანდაცვის სისტემაში გადაწყვეტილების მიმღები პირები და სხვა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.

ცნობისათვის, მსოფლიოში 300 მილიონზე მეტ ადამიანს აქვს სხვადასხვა იშვიათი დაავადება, რაც დედამიწის მოსახლეობის 6%-ზე მეტს შეადგენს და მათი 70%  ბავშვთა ასაკში ვლინდება. დღეისათვის აღწერილია 6000-ზე მეტი სხვადასხვა იშვიათი დაავადება  და წლიდან წლამდე მათი რიცხვი იზრდება. სამწუხაროდ, ბევრი მათგანის მკურნალობა, ჯერ კიდევ შეუძლებელია, თუმცა ყოველწლიურად მსოფლიოს ფარმაცევტულ ბაზარზე ჩნდება არაერთი ახალი ეფექტური სამკურნალო პრეპარატი, რომელიც პაციენტებს მნიშვნელოვნად უმსუბუქებს იშვიათი დაავადებებით გამოწვეულ უმძიმეს ჯანმრთელობის მდგომარეობას.

იშვიათ დაავადებათა დღე 2008 წლიდან აღინიშნება და მის მთავარ მიზანს წარმოადგენს ამ დაავადების მიმართ ფართო საზოგადოების ყურადღების მიპყრობა და იმ სიმძიმეებისა და სირთულეების წარმოჩინება, რომლებიც ამ დაავადების შედეგად ვლინდება პაციენტებსა და მათზე მზრუნველ პირებში.

იხილეთ ასევე

10 წლის განმავლობაში იშვიათი დაავადებების პროგრამის ბიუჯეტი გაათმაგდა

„ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს 23 მიზნობრივ სახელმწიფო პროგრამას, რომელთა საშუალებით, 2022 წელს, 600 000-ზე მეტი ბენეფიციარისთვის, …