მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » ივანე ჩხაიძე: მეორე პიკის საშიშროება გავიარეთ

ივანე ჩხაიძე: მეორე პიკის საშიშროება გავიარეთ

კორონავირუსის პანდემიის მეექვსე, ყველაზე მძიმე ტალღა ქვეყანაში შემცირებისკენ მიდის, დაღმავალ მრუდზეა – მეორე პიკის საშიშროება გავიარეთ, – ამის შესახებ თსსუ-ის პროფესორმა, იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც ჩხაიძე განმარტავს, მრუდი, რომელიც ქვეყანაში ინფიცირების მაჩვენებელს ასახავს, მიუთითებს, რომ 2 თებერვლიდან დღემდე ინფიცირების მაჩვენებელი სტაბილურად მცირდება. ამასთან, აღნიშნავს, რომ ნაკლებად წარმოსადგენია ინფიცირების მაჩვენებელმა მოიმატოს.

„ინფიცირების მაჩვენებლის ბოლო 3 კვირის სტატისტიკის მიხედვით, შესაძლებელია საუბარი, რომ პანდემიის მეექვსე ტალღა დაღმავალ სტადიაშია. ის მრუდი, რომელიც ქვეყანაში ინფიცირების მაჩვენებელს ასახავს, მიუთითებს, რომ 2 თებერვლიდან დღემდე სტაბილურად მცირდება ინფიცირების მაჩვენებელი. თუ გავითვალისწინებთ სხვა ქვეყნების გამოცდილებას, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ თებერვლის ბოლო, მარტის პირველი კვირა იქნება საწყის წერტილზე დაბრუნება, რითაც დაიწყო პანდემიის მეექვსე ტალღა. გარდაცვალების მაღალი მაჩვენებელი ახსნადია. როგორც წესი, ინფიცირების პიკს გარდაცვალების მაჩვენებლის მატება პიკიდან 2-3 კვირის შემდეგ მოჰყვება.

კორონავირუსის პანდემიის მეექვსე, ყველაზე მძიმე ტალღა ქვეყანაში შემცირებისკენ მიდის, დაღმავალ მრუდზეა. რეალური საშიშროება, რომ ქვეყანაში 2 – პიკიანი ტალღა გვქონდეს, ეს პერიოდი გავლილი გვაქვს. მეორე პიკის საშიშროება გავიარეთ. მომდევნო დღეების განმავლობაში ნაკლებად წარმოსადგენია, რომ ინფიცირების მაჩვენებელმა მოიმატოს “,- განმარტავს ჩხაიძე.

მან შეზღუდვების ნაწილის მოხსნაზეც ისაუბრა. როგორც ჩხაიძე აღნიშნავს, მნიშვნელოვანია, რომ ძალაში დარჩეს დახურულ და ღია სივრცეში პირბადით გადაადგილება.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეების გადაადგილება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში ნიღბით მოხდეს. ეს მუტაციებთან ეფექტური ნაბიჯია”, – განაცხადა ჩხაიძემ.

მისივე თქმით, სამწუხაროდ, ვაქცინაციის შესაძლებლობა გამოუყენებელი გვაქვს.

„გუშინდელი 3000 ვაქცინირებული ადამიანი ძალიან დაბალია. ამ გზით ძალიან გაძნელდება იმ ციფრის მიღწევა, რაც ჩვენ განსაზღვრული გვაქვს იმუნიზაციის კორექტირებული გეგმით, კერძოდ, ზაფხულისთვის მოზრდილი მოსახლეობის 70%-ის აცრა. რა თქმა უნდა, ყველაფერი უნდა ვიღონოთ, რომ ეს ბარიერი გადალახული იყოს“,- განაცხადა ივანე ჩხაიძემ მედიაცენტრ „მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე.

იხილეთ ასევე

ბიძინა კულუმბეგოვი: ჩვეულებრივი ნიღაბი „კრაკენისგან“ ვერ დაგვიცავს

ომიკრონის ახალი შტამის, „კრაკენის“ მოსალოდნელი დომინანტობის მიუხედავად, მსოფლიოს კორონავირუსის ახალი, მძიმე ტალღა, როგორიც წინა პერიოდებში …