COVID-19-თან დაკავშირებულ ფსიქოლოგიურ პრობლემებთან გამკლავებაში დახმარების მიზნით დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოქალაქეებს ცხელი ხაზის მომსახურებას სთავაზობს. ცენტრის ინფორმაციით, ფუნქციონირებს კრიზისული ფსიქოლოგიური დახმარების ცხელი ხაზი – 911 000, რომელიც ითვალისწინებს: პერსონალური ფსიქოლოგიური დახმარების გაწევას სატელეფონო კონსულტაციების მეშვეობით – კრიზისულ და პოსტ-კრიზისულ კვალიფიციურ დახმარებას, მათ შორის COVID-19-თან დაკავშირებულ ჯანმრთელობის პრობლემების მქონე იზოლაცია/თვითიზოლაციაში მყოფი პირებისათვის;
“პანდემია და მასთან დაკავშირებული სირთულეები, საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობების შეზღუდვა, ცხოვრების ჩვეული რიტმის შეცვლა – ხშირ შემთხვევაში ეს ყველაფერი ადამიანზე უარყოფითად აისახება.
COVID-19-ის პანდემიის დროს კიდევ უფრო მძაფრად გამოიკვეთა ფსიქოლოგიური დახმარების სერვისების საჭიროება. სწორედ ამიტომ, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით, ფსიქო სოციალურ ასოციაციასთან „ნდობა“ თანამშრომლობით ფუნქციორებს კრიზისული ფსიქოლოგიური დახმარების ცხელი ხაზი – 911 000,”- ნათქვამია ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, ცხელი ხაზის ოპერატორები COVID-19-თან დაკავშირებულ მიმდინარე აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით საბაზისო ინფორმაციის მიწოდებას და შესაბამისი გადამისამართების უზრუნველყოფენ.
ცხელი ხაზი მუშაობს ყოველ დღე, უქმეების ჩათვლით, 10-დან 18 საათამდე. ცხელი ხაზი ფუნქციონირებს ”ჯანმრთელობის ხელშეწყობის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში.