მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » „ანტისხეულები ვირუსის ნარჩენებს ანადგურებენ“ – როგორ იცავს აცრა პოსტ-კოვიდური გართულებებისგან

„ანტისხეულები ვირუსის ნარჩენებს ანადგურებენ“ – როგორ იცავს აცრა პოსტ-კოვიდური გართულებებისგან

აცრილი ადამიანები კოვიდ-19-ის, მათ შორის ომიკრონის გადატანის შემთხვევაში ე.წ. გახანგრძლივებული კოვიდისგან უფრო დაცულები არიან, ვიდრე – აუცრელები, და ეს არის არა ვინმეს სურვილი, არამედ მეცნიერულად დადასტურებული დასკვნა. ამის შესახებ ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსმა მრჩეველმა ზაზა წერეთელმა საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, ხანგრძლივ კოვიდზე უკვე ძალიან ბევრი ქვეყანა მუშაობს. მაგალითად, ფინეთის ჯანდაცვის სამინისტროში სპეციალური განყოფილებაც კი შეიქმნა, რადგან ქვეყანამ აღიარა, რომ ხანგრძლივი კოვიდი, შესაძლოა, ქრონიკული დაავადებების ერთერთი სახეობა გახდეს. ამიტომ გარკვეული ქვეყნები უკვე ემზადებიან და სარეაბილიტაციო ჰოსპიტლებიც კი იხსნება ხანგრძლივი კოვიდის მქონე ადამიანებისთვის.

ზაზა წერეთლის თქმით, ხანგრძლივი კოვიდი შესაძლოა გამოიხატოს გულსისხლძარღვთა გართულებების სახით, ასევე გამოიწვიოს ნერვული სისტემის პრობლემები. ესაა გადაღლა, სტრესული მდგომარეობა, მეხსიერების პრობლემები, გონების დაბინდვა და ა.შ.

ზაზა წერეთელი ამბობს, რომ მეცნიერები აკვირდებოდნენ კოვიდგადატანილ ადამიანებს და აღმოაჩინეს, რომ კოვიდის გადატანის შემდეგ 6 თვის განმავლობაში ადამიანის შრომისუნარიანობა იკლებს.

„ბოლო 2 თვის განმავლობაში გამოჩნდა ძალიან კარგი კვლევები, რომლებმაც აჩვენა, რომ ვაქცინირებულებში ხანგრძლივი კოვიდი უფრო ნაკლებად და ძალიან მცირე დროის განმავლობაში მიმდინარეობს. ერთერთი მიზეზი ალბათ ისაა, რომ ადამიანის ორგანიზმში ვირუსის ნაწილები გარკვეული დროის განმავლობაში რჩება. ვაცქინაციის შედეგად კი ანტისხეულები ანადგურებენ ვირუსის ნარჩენებს და ამიტომ უფრო ადვილად ან ხანმოკლე დროის განმავლობაში მიმდინარეობს ხანგრძლივი კოვიდი. ამიტომაცაა საქართველოსთვის პრობლემა, რომ მოზრდილი მოსახლეობის მხოლოდ 42%-ია აცრილი,“ – განაცხადა ზაზა წერეთელმა.

მისი თქმით, კოვიდი უცნაური ვირუსია და არავინ იცის რა შედეგები მოჰყვება, ამიტომ არ უნდა გავრისკოთ და უნდა ავიცრათ.

 

იხილეთ ასევე

ბიძინა კულუმბეგოვი: ჩვეულებრივი ნიღაბი „კრაკენისგან“ ვერ დაგვიცავს

ომიკრონის ახალი შტამის, „კრაკენის“ მოსალოდნელი დომინანტობის მიუხედავად, მსოფლიოს კორონავირუსის ახალი, მძიმე ტალღა, როგორიც წინა პერიოდებში …