არავაქცინირებული მოქალაქეების 33 პროცენტი ნაკლებ სავარაუდოა აიცრას, ხოლო 35 პროცენტს ჯერაც არ გადაუწყვეტია ვაქცინაცია.
ამის შესახებ ნათქვამია კვლევის „ოჯახებისა და ბავშვების კეთილდღეობაზე COVID-19-ის გავლენა რეალურ დროში“ მეექვსე ტალღის ანგარიშში, რომელიც სტატისტიკის ეროვნულმა სააგენტომ წარმოადგინა. კვლევის ფარგლებში, რომელიც 2021 წლის დეკემბერში ჩატარდა, 1,996 შინამეურნეობის წარმომადგენელი გამოიკითხა.
კვლევა გაეროს ბავშვთა ფონდის ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერით და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს მხარდაჭერით განხორციელდა.
კვლევის თანახმადვე, 2-4 წლის ასაკის ბავშვების მხოლოდ 60 პროცენტი და 2-5 წლის ბავშვების მხოლოდ 66 პროცენტი დადიოდა სკოლამდელ საგანმანათლებლო დაწესებულებაში 2021-2022 სასწავლო წლის დასაწყისიდან მოყოლებული.
რაც შეეხება სკოლებს: 6-17 წლის ბავშვების 71 პროცენტზე მეტი ესწრებოდა სასწავლო პროცესს მხოლოდ საკლასო ოთახებში, 22 პროცენტი – მხოლოდ დისტანციურად, 5 პროცენტი – კომბინირებულად, ხოლო 2 პროცენტი საერთოდ არ ესწრებოდა სასწავლო პროცესს. შინამეურნეობების თითქმის 15 პროცენტს არ აქვს ინტერნეტზე წვდომა, სოფლად ეს მაჩვენებელი 2.4-ჯერ აღემატება ქალაქის მაჩვენებელს, რაც, კვლევის ავტორების შეფასებით, ონლაინ სწავლას გამოწვევად აქცევს და ზრდის ციფრულ უთანასწორობას.