მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » „7-დღიანი იზოლაციის შემდეგ რესპირატორის ხმარება ინფექციის გადადების რისკს თითქმის ნულამდე ამცირებს“

„7-დღიანი იზოლაციის შემდეგ რესპირატორის ხმარება ინფექციის გადადების რისკს თითქმის ნულამდე ამცირებს“

კოვიდინფიცირებული ბავშვების კლინიკისადმი მიმართვიანობის კუთხით მდგომარეობა სტაბილურდება. ამის შესახებ ციციშვილის კლინიკის დირექტორმა დავით რეხვიაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ბოლო დღეებში მიმართვიანობა შემცირებულია, თუმცა რადგან ციციშვილის კლინიკა რეფერალური ჰოსპიტალია, მათთან მძიმე პაციენტების გადამისამართება ხდება, რომლებსაც, არსებული დაავადებების გარდა, თანდართული კოვიდინფექცია აქვთ. სწორედ არსებულ დაავადებებს ასახელებს რეხვიაშვილი ინტენსიურ განყოფილებებში პაციენტების მოხვედრის მთავარ მიზეზად.

მისივე თქმით, ჰოსპიტალზე ზეწოლის შემცირებას ხელი იმანაც შეუწყო, რომ მოწესრიგდა და უკეთ ხდება ონლაინ კლინიკების მიერ ამბულატორიული პაციენტების ბინაზე მართვა.  ამ ეტაპზე ციციშვილის კლინიკაში 100-ზე მეტი პაციენტია, სულ კი 175 კოვიდსაწოლია, შესაბამისად, თავისუფალი ადგილების პრობლემა არ დგას.

დავით რეხვიაშვილი ქვეყენაში შექმნილ ეპიდსიტუაციასაც აფასებს და ამბობს, რომ თბილისში გარკვეული იმუნური ფენა უკვე შეიქმნა, რადგან ძალიან ბევრმა ბავშვმა გადაიტანა კოვიდ 19-ის ომიკრონის შტამი, თუმცა მედიკოსი აღნიშნავს იმასაც, რომ ამის მიუხედავად, მოქალაქეები მაინც ყურადღებით უნდა იყვნენ, რადგან რეინფიცირების საფრთხეები არსებობს. ამიტომ მთავარი რეკომენდაცია პირბადის ტარება და წესების დაცვაა.

რაც შეეხება შემთხვევების კლებას, დავით რეხვიაშვილის პროგნოზით, მომავალი 2 კვირის განმავლობაში მდგომარეობა სტაბილურობისკენ წავა, თუ რაიმე ახალი მუტაცია არ გაჩნდა, თუმცა ამ მხრივ ამ ეტაპზე რაიმე საფრთხე გამოკვეთილი არ არის.

ციციშვილის კლინიკის ხელმძღვანელის განცხადებით, იზოლაციის მოქმედი წესები ვირუსის გავრცელების პრევენვიისთვის ეფექტიანია და 5-დღიანი იზოლაციის ვადა მხოლოდ გარკვეული პროფესიების ადამიანებისთვის – მეხანძრეებისთვის, მედიკოსებისთვის, ექიმებისა და სხვა პირებისთვისაა განსაზღვრული, რომელთა გარეშეც სახელმწიფო ვერ იფუნქციონირებს. უსიმპტომო პირების მიერ კი, რომლებიც 7-დღიან იზოლაციას დაასრულებენ და მომდევნო 5 დღის განმავლობაში პირბადეს სწორად ატარებენ, ვირუსის გავრცელების საფრთხე პრაქტიკულად ნულოვანია. ამასთან, დავით რეხვიაშვილის განმარტებით, საუბარია არა სამედიცინო პირბადეზე, არამედ რესპირატორზე.

„7-დღიანი იზოლაციის შემდეგ რესპირატორის ხმარება ინფექციის გადადების რისკს პრაქტიკულად ნულამდე ამცირებს“ – აცხადებს რეხვიაშვილი.

 

იხილეთ ასევე

ბიძინა კულუმბეგოვი: ჩვეულებრივი ნიღაბი „კრაკენისგან“ ვერ დაგვიცავს

ომიკრონის ახალი შტამის, „კრაკენის“ მოსალოდნელი დომინანტობის მიუხედავად, მსოფლიოს კორონავირუსის ახალი, მძიმე ტალღა, როგორიც წინა პერიოდებში …