თუ COVID-19-ს სახლის პირობებში მკურნალობთ და ვირუსი მსუბუქი სიმპტომებით ან სრულად უსიმპტომოდ მიმდინარეობს, ამ დროს ლაბორატორიული ანალიზების ჩატარება რეკომენდებული არ არის. ამის შესახებ განცხადებას „ევექსი კლინიკები“ ავრცელებს.
„ევექსი კლინიკებში“ აღნიშნავენ, რომ გადაწყვეტილებას ანალიზების დანიშვნის შესახებ ექიმი იღებს.
„თუ COVID-19-ს სახლის პირობებში მკურნალობთ და ვირუსი მსუბუქი სიმპტომებით ან სრულად უსიმპტომოდ მიმდინარეობს, ამ დროს ლაბორატორიული ანალიზების ჩატარება, ზოგადად, რეკომენდებული არ არის.
თუ კორონავირუსი რთულად გადაგაქვთ, გაწუხებთ რომელიმე ქრონიკული დაავადება ან იმ შემთხვევაში, თუ საერთაშორისო პროტოკოლი ან თქვენი წარსული ანამნეზი მოითხოვს, ექიმმა შესაძლოა საჭიროდ მიიჩნიოს ლაბორატორიული კვლევები. ანალიზების შედეგის მიხედვით, მკურნალობის მომდევნო ეტაპებს ისევ ექიმი წყვეტს.
ლაბორატორიული კვლევებიდან განხილვის საკითხი ყველაზე ხშირად D-დიმერია. გვინდა შეგახსენოთ, რომ D-დიმერის მომატებული მაჩვენებელი საკმარის საფუძველს არ წარმოადგენს ანტიკოაგულაციური მკურნალობის დასაწყებად.
რაც შეეხება ინსტრუმენტულ კვლევებს (გულმკერდის რენტგენი ან კომპიუტერული ტომოგრაფია), COVID-19-ის მსუბუქი მიმდინარეობის დროს ეს რეკომენდებული არ არის, რათა თავიდან ვიცილოთ არასაჭირო დასხივება,“- აცხადებენ „ევექსი კლინიკებში.“
ბოლო დღეების განმავლობაში, ინფიცირებული ან კოვიდ 19-სგან გამოჯანმრთელებული ადამიანების მხრიდან სხვადასხვა ანალიზზე მოთხოვნა მკვეთრადაა გაზრდილი. ამიტომ,სადაზღვევო კომპანიები და ექიმების ნაწილი პაციენტებს მოუწოდებს, შეინარჩუნონ სიმშვიდე და არ მოითხოვონ ანალიზების გაკეთება, რომელთა 99% უსარგებლო და არასაჭიროა.