საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მდგრადობა გრძელვადიან პერსპექტივაში ეჭვქვეშ დადგება, თუ არ მოხდება ხარჯების ზრდის გაკონტროლება.
ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციის ,,ჯანმრთელობის დაცვისა და ადამიანის უფლებების კვლევის ცენტრის’’ მიერ პარტნიორ ორგანიზაცია – ,,მონაცემთა კვლევის ჯგუფთან’’ ერთად 2021 წლის ოქტომბერ-დეკემბერში ჩატარებული კვლევის შედეგებშია აღნიშნული.
კვლევის ავტორებმა შეისწავლეს სხვადასხვა დაინტერესებული მხარის განწყობები და დამოკიდებულება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში მომსახურების დადგენილ ტარიფებთან და მიმდინარე ტარიფიკაციის პროცესთან დაკავშირებით.
ანგარიშში ნათქვამია, რომ ხარჯების ზრდა ის გამოწვევაა, რომელზე რეაგირებაც სახელმწიფოს პრიორიტეტი გახდა, რასაც ბოლო წლებში პროგრამაში განხორციელებული რამდენიმე ცვლილება მოწმობს: დიფერენცირებული პაკეტების შემოღება მოსარგებლეთა სოციალური სტატუსის ან შემოსავლების მიხედვით, 520-ე დადგენილება, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში სამედიცინო მომსახურებისთვის ერთიანი სატარიფო პოლიტიკის შემუშავება, სელექციური კონტრაქტირების დაწყების დაანონსება და ა.შ.
ამასთან, კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ ჯანდაცვაზე სახელმწიფო დანახარჯები ბოლო წლებში მზარდია და მთლიანი შიდა პროდუქტის პროცენტული წილი 2013 წლის 1,9%-დან 2019 წელს 2.7%-მდე გაიზარდა, რაც გაცილებით ნაკლებია ევროპის რეგიონის საშუალო მაჩვენებელზე (4,9%).
ანგარიშის თანახმად, იგივე წლებში ჯანმრთელობაზე მიმდინარე დანახარჯებში ჯიბიდან გადახდების წილი მნიშვნელოვნად შემცირდა 69%-დან 47%-მდე, თუმცა ეს მონაცემი კვლავ აღემატება ჯანმოს ევროპული რეგიონის ქვეყნების საშუალო მაჩვენებელს (30%).
ამასთან, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამამ ერთმნიშვნელოვნად შეამცირა ხელმისაწვდომობის ფინანსური ბარიერები, გაზარდა სამედიცინო სერვისებით სარგებლობა.
კვლევის ავტორები ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რომ პროგრამის ბიუჯეტის გადახარჯვამ 2014-2020 წლებში 350 მილიონი ლარი შეადგინა, რაც დამტკიცებულ ბიუჯეტზე 8%-ით მეტია. 2020 წლისთვის კი ამ მონაცემმა ყველაზე მაღალ ნიშნულს, 20%-ს მიაღწია. სწორედ ამიტომ, 2019 წელს დაიწყო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე დანახარჯების გაკონტროლება.
კვლევის ავტორების დასკვნით, 2013 წელს განხორციელებულმა რეფორმებმა გააუმჯობესა ჯანდაცვაზე წვდომა, გააძლიერა სამედიცინო დაწესებულებების ინფრასტრუქტურა, გააძლიერა სამედიცინო დარგები, თუმცა ამ სარგებლის მიუხედავად, გამოქვეყნებული ანგარიშები და ადგილობრივი ექსპერტები საუბრობენ, რომ მოსახლეობის ფინანსური დაცვა, ჯანდაცვაზე დანახარჯების ზრდის მიუხედავად, არ გაუმჯობესებულა.