ექიმი ვახტანგ კალოიანი „ტყუილს“ უწოდებს პრემიერის განცხადებას იმის შესახებ, რომ „ომიკრონის“ დროს, უმეტეს შემთხვევაში ვაქცინა არ მუშაობს.“
„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას მითების ნუსხაში ჰყავს შეტანილი ის, რომ ომიკრონისგან ვაქცინაცია არ იცავს. ამას ჩვენი ციფრებიც ადასტურებს: ინფიცირებული თანამოქალაქეების 88% იყო აუცრელი. მსოფლიო ციფრები გვეუბნება, რომ ბუსტერ დოზა იცავს დაახლოებით 60%-მდე ვირუსის დამართებისგან და პანდემიის მასობრივი გავრცელების ფაზაში ინფიცირების რისკის 60%-ით შემცირება უზარმაზარი ციფრია. მეორე: ის 96%-ით და მეტი პროცენტოთ იცავს მძიმე მიმდინარეობისგან, ხოლო გარდაცვალებისგან – კიდევ უფრო მეტად,“ – განაცხადა კალოიანმა.
მისი თქმით, მწვანე პასპორტი თავიდანვე არასწორად დაგეგმილი და უეფექტო შინაარსის დოკუმენტი იყო და მისი გაუქმების მიზეზი არის არა ის, რის შესახებაც პრემიერი საუბრობდა, არამედ – ის, რომ ის თავიდანვე სუსტი დოკუმენტი იყო და მოიცავდა მაგალითად გადატანილ ინფექციას, რაზეც დღეს პრემიერი თავად ბრძანებდა, რომ გადატანილი ინფექცია არ არის მეორედ დაინფიცირებისგან თავის დაცვის გარანტია.
„ზოგადად, მესიჯების და ინფორმაციის არათანმიმდევრულობა და წინააღმდეგობრიობა მმართველ გუნდში შიგნითაც კი ძალიან დამაზიანებელია მასობრივი ეპიდემიების, საბრძოლო მოქმედებების დროს. როცა ერთი მმართველი, რომელიც პასუხისმგებელია ეპიდემიის მართვაზე, გვეუბნება ერთ ინფორმაციას და მეორე-სხვას,“ – აცხადებს კალოიანი და მაგალითისთვის მოჰყავს პირბადეებთან დაკავშირებული საკითხი.
„ერთერთი ლიდერი ამბობდა, რომ არაა აუცილებელი პირბადეების ტარება და პაციენტებთანაც კი ღირსების საკითხი იყო ნიღბის გარეშე შესვლა მაშინ, როცა მთელი სახელმწიფო მანქანა გვარწმუნებდა და სწორადაც, რომ ნიღაბი იყო დაცვის მთავარი საშუალება,“ – აღნიშნა კალოიანმა.
მისი განცხადებით, ასეთი მიდგომა ვნებს პანდემიის მართვის პროცესს და ციფრებიც სახეზეა.
მისი განმარტებით, იმ ქვეყნებში, რომლებმაც რეგულაციების მოხსნისა და პანდემიის დამთავრების შესახებ განაცხადეს, მოსახლეობის დიდი ნაწილი ვაქცინირებულია და ხაზგასმით ვაქცინირებულნი არიან მაღალი რისკის ადამიანები.
ვაქცინაციის შესახებ განცხადება ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, მთავრობის სხდომაზე გააკეთა.
„ჩვენ შევისწავლეთ აღნიშნული საკითხი და ევროპული ქვეყნების გამოცდილება და პრაქტიკაც. ბოლო ტენდენციების გათვალისწინებით, ჩვენ აღარ ჩავთვალეთ მიზანშეწონილად აღნიშნული ბარათების ფუნქციონირება. აზრი დაკარგა აღნიშნული „მწვანე ბარათების“ გამოყენებამ. თავდაპირველად ჩვენი მიზანი იყო ვაქცინაციის წახალისება და „დელტას“ და სხვა შტამების შემთხვევაში სხვა სურათი იყო, მაგრამ „ომიკრონის” დროს, უმეტეს შემთხვევაში ვაქცინა არ მუშაობს. ვაქცინირებულ პირს ჩვეულებრივ ემართება „ომიკრონი“. მაგალითად, მე ვარ ერთი მაგალითი – მქონდა სხვა შტამი გასულ წელს, ორჯერ ვიყავი აცრილი „ფაიზერის“ ვაქცინით, მაგრამ მაინც დამემართა „ომიკრონი“. მინდა გითხრათ, რომ აბსოლუტურ შემთხვევებში ძალიან მსუბუქ ფორმებში მიმდინარეობს აღნიშნული ვირუსი. მიდგომა შეიცვალა, რადგან აზრი დაკარგა „მწვანე ბარათის“ გამოყენებამ, ამიტომ ჩავთვალეთ საჭირო მისი გაუქმება,“- განაცხადა მთავრობის მეთაურმა.