ოჯახის ექიმების და სადაზღვევო კომპანიების გადატვირთვის მთავარი მიზეზი კოვიდინფიცირებულების ან კოვიდგადატანილებისთვის სრულიად უსარგებლო კვლევების დანიშვნაა. ამის შესახებ სადაზღვევო კომპანია „ჯიპიაი ჰოლდინგის“ კომუნიკაციების დირექტორი თინა სტამბოლიშვილი აცხადებს. მისი განმარტებით, უამრავი ინფიცირებული, ყოველგვარი ჩვენებისა და საჭიროების გარეშე, დაჟინებით მოითხოვს სხვადასხვა ანალიზის დანიშვნას, რაც ამბულატორიების გადატვირთულობას იწვევს.
„ექიმი მხოლოდ მაშინაა საჭირო, თუ ადამიანი მძიმედაა, სიცხე, ზურგის ტკივილი და აშ კი არ ნიშნავს მძიმე სიმპტომებს.
ექიმების გადატვირთულობის ფონზე, როდესაც დღეში 3000-ზე მეტ პაციენტს ვემსახურებით (ტელეფონით, მისვლით და ა.შ.) – თუ ძალიან არ გჭირდებათ ექიმი, არაფერი არ არის საგანგაშო იმაში, თუ ექიმი ვერ დაგირეკავთ.
ერთ-ერთი მიზეზი ექიმების და სადაზღვევო სისტემების გადატვირთვის არის სწორედ ამ უსარგებლო კვლევების და პოსტ და პრე თუ მიდ და ფუთი დანამატების დანიშვნის მოთხოვნა (ვიტამინები ა.შ),“- აღნიშნავს თინა სტამბოლიშვილი. მისი თქმით, ახლა, ვიდრე ეპიდემიის მიმდინარე ტალღა გადაივლის, მთავარი გამოწვევა სწორედ ეს არის.
თინა სტამბოლიშვილის თქმით, სხვადასხვა არასაჭირო კვლევებზე მიმართვების გაცემის მიზეზია როგორც პაციენტების დაჟინებული მოთხოვნა, ისე ექიმების ნაწილის მხრიდან შეგნებული ქმედება, რაც შესაძლოა, ფინანსურ დაინტერესებას უკავშირდებოდეს.
შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში, ინფიცირების მზარდ ტალღასთან ერთად, მკვეთრად გაიზარდა მიმართვიანობა ანალიზებზე. ამასთან, ანალიზები ენიშნებათ არა მხოლოდ კოვიდგადატანილ, არამედ ხშირად ინფიცირების მწვავე ფაზაში მყოფ პაციენტებს, რომლებიც ანალიზების გასაკეთებლად გადიან იზოლაციიდან და კლინიკებში არსებულ დიდ რიგებში დგანან.
აღნიშნულთან დაკავშირებით ექიმების ნაწილი აცხადებს, რომ მსგავსი ანალიზები, შემთხვევების 99%-ში,სრულიად არასაჭირო და ზედმეტია.