მთავარი » ჯანდაცვა » საყოველთაო ჯანდაცვა » „სამინისტრომ აქცენტი გააკეთა ფასების კონტროლზე,  რაც არ არის საუკეთესო გამოსავალი“ – კვლევა

„სამინისტრომ აქცენტი გააკეთა ფასების კონტროლზე,  რაც არ არის საუკეთესო გამოსავალი“ – კვლევა

საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტის გადახარჯვის მიუხედავად, პროგრამამ ის შედეგი ვერ გამოიღო, რაც მის მიზანს წარმოადგენდა და ადამიანებს მაინც დიდი თანხების გადახდა უწევთ სამედიცინო სექტორში. ამის შესახებ ის ექსპერტები საუბრობენ, რომლებმაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამასთან დაკავშირებით კვლევა ჩაატარეს.

კვლევის ავტორია არასამთავრობო ორგანიზაცია „ჯანმრთელობის დაცვისა და ადამიანის უფლებების კვლევის ცეტრი“, რომელმაც სამუშაოები „მონაცემთა კვლევის ჯგუფთან“ ერთად განახორციელა.

„საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბიუჯეტის გადახარჯვა, მეორეს მხრივ არაადეკვატური ტარიფები და სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუარესება ის გამოწვევებია, რის წინაშეც სექტორი ამჟამად დგას. გადამწყვეტია ღია დიალოგი საჯარო და კერძო პარტნიორული ურთიერთობების გაუმჯობესების მიზნით, რათა გაიზარდოს მონაწილეობითი პროცესი და იპოვოს მოსახლეობის, სახელმწიფოს  და კერძო სექტორის ინტერესთა განაკვეთის წერტილები, რათა რაციონალური, დაბალანსებული პოლიტიკის ცვლილებებით რეალისტური გახდეს ქვეყნის სწრაფვა უნივერსალური ჯანდაცვისკენ,“ – აღნიშნულია კვლევის ავტორების მიერ გავრცელებულ რელიზში.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტის მზია ტაბატაძის განცხადებით, საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტის გადახარჯვა სისტემატურად ხდება, თუმცა, ამის მიუხედავად, შედეგი, რისთვისაც უნდა მიგვეღწია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით, ვერ იქნა მიღწეული – კერძოდ, შინამეურნეობების ფინანსური დაცულობა, და ოჯახების 17% ისევ  „გამაღატაკებელ გადასახადებს“ იხდის ჯანდაცვის სექტორში.

„გამოიკვეთა რამდენიმე ფაქტორი: სამინისტრომ აქცენტი გააკეთა ფასების კონტროლზე,  რაც არ არის საუკეთესო გამოსავალი, რადგან ტარიფების დაწევამ შესაძლოა გამოიწვიოს ხარისხის გაუარესება, საფრთხის ქვეშ დგება ფინანსური მდგრადობა – ვსაუბრობ  სამედიცინო დაწესებულებებზე, ასევე შეიძლება მივიღოთ სტაფის გადინება და ინოვაციური სერვისების ხელშეწყობა აღარ მოხდება. ამიტომ ტარიფიკაცია და ფასების ხელოვნური დაწეევა არაა გამოსავალი,“ – განაცხადა ტაბატაძემ.

შეგახსენებთ:  2019 წლიდან სახელმწიფო  პროგრამაში მონაწილე კლინიკებისთვის კარდიოქირურგიულ და რეანიმაციულ სერვისებზე ტარიფების გათანაბრების სისტემა ამოქმედდა. სამედიცინო მომსახურებებზე სამინისტროს მიერ დაწესებულმა ტარიფებმა სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია. სამინისტროში აცხადებენ, რომ ეს პრინციპი სხვა სამედიცინო სერვისებზეც გავრცელდება.

 

კვლევის პროცესებში რესპონდენტები იყვნენ ჯანდაცვის ექსპერტები, ჯანდაცვის სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირები, ასევე საყოველთაო ჯანდაცვის პროვაიდერი კლინიკების წარმომადგენლები.

იხილეთ ასევე

10 წლის განმავლობაში იშვიათი დაავადებების პროგრამის ბიუჯეტი გაათმაგდა

„ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს 23 მიზნობრივ სახელმწიფო პროგრამას, რომელთა საშუალებით, 2022 წელს, 600 000-ზე მეტი ბენეფიციარისთვის, …