გადაიარა თუ არა ქვეყანაში ეპიდემიის მეექვსე ტალღის პიკმა? სპეციალისტები უკვე გამოთქვამენ ფრთხილ პროგნოზებს, რომ პიკი 2 თებერვალს დაფიქსირდა, როცა საქართველოში ერთ დღეში ინფიცირების 26320 შემთხვევა დაფიქსირდა.
იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის ივანე ჩხაიძის განცხადებით, ომიკრონისთვის პიკამდე მიღწევა 4-6-კვირიან ვადაშია დამახასიათებელი და რადგან საქართველოში ამ შტამით ინფიცირების შემთხვევევების მატება 3 იანვრიდან დაიწყო, პიკი, სავარაუდოდ, 2 თებერვალს მივიღეთ.
თუმცა ჩხაიძე არც სხვა სცენარს გამორიცხავს, რომელიც რამდენიმე ქვეყანაში განვითარდა, როცა პიკს ერთკვირიანი კლება მოჰყვა, შემდეგ კი შემთხვევებმა ისევ მკვეთრად მოიმატა და ამის უკან ომიკრონის ახალი სახეობა იყო. ამ მაგალითების გათვალისწინებით, ივანე ჩხაიძე ამბობს, რომ შესაძლოა პიკი არ აღმოჩნდეს 2 თებერვალი და ქვეყნაში დღიური ინფიცირების მაჩვენებელი 30 ათასამდე ავიდეს.
ბიძინა კულუმბეგოვის პროგნოზით კი თებერვლის ბოლო კვირაში შემთხვევების რაოდენობა 12-13 ათასამდე ჩამოვა. მისი თქმით, მარტის ბოლოდან მსოფლიოში, სავარაუდოდ, გამოჩნდება ომიკრონზე მორგებული ახალი ვაქცინა, მაგრამ ჩვენ დღეს ვკარგავთ ადამიანებს და უნდა გავიზიაროთ ჩვენი მოცულობის ქვეყნების, მაგალითად დანიის მაგალითი, სადაც ჩვენზე რამდენჯერმე მეტი შემთხვვაა, მაგრამ მოსახლეობის 84%-ის აცრის წყალობით რეანიმაციებში ამ ეტაპზე მხოლოდ 30-მდე პაციენტია, ჩვენთან კი – ათჯერ მეტი. ამიტომ, კულუმბეგოვის თქმით, აცრა და განსაკუთრებით ბუსტერდოზის გაკეთება მნიშვნელოვნად აგვარიდებს ადამიანების მსხვერპლს და პიკს შედარებით ცოტა დანაკარგით გადავივლით.
შეგახსენებთ, რომ გუშინ საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირების 25 161 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაიცვალა 51 კოვიდინფიცირებული პაციენტი.