დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, ქვეყანაში სიტუაცია დაძაბულია, თუმცა სრულად მართვადი.
მისივე ინფორმაციით, 95% შემთხვევებში „ომიკრონის“ შტამი ცირკულირებს.
„ქვეყანაში სიტუაცია დაძაბულია, მაგრამ სრულად მართვადია. გვაქვს ყველა მაჩვენებელი, რაც ეპიდსიტუაციას ახასიათებს. დადებითობის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალ დონეზე ნარჩუნდება. დღესაც 24 ათას 600 შემთხვევაა ახალი. გამოვლენის მაჩვენებელი 30%-ზე მეტია. ბოლო 30 დღის განმავლობაში 60 ათასი ტესტი გვაქვს დღეში და დღეს 73 ათასის ფარგლებშია. აქტიური შემთხვევა 210 ათასია და ეს იმართება ჯერჯერობით. მთავარი ზეწოლა ამბულატორიულ და ლაბორატორიულ სექტორზე მოდის. შემთხვევების რაოდენობა მაქსიმუმზე არ არის ჰოსპიტლებში, სულ 6 ათასი ადამიანია“, – განაცხადა გამყრელიძემ.
ამასთან, გამყრელიძე განმარტავს, რომ ამ ეტაპზე „ომიკრონის“ ქვეშტამი – BA2-მა 75%-ით ცირკულირებს, რომელიც უფრო სწრაფი გადამდებლობით ხასიათდება, თუმცა, აგრესიულობა არ ახასიათებს.
„რაც შეეხება ომიკრონის“ შტამს, დღეს ქვეყანაში 95% „ომიკრონი“ ცირკულირებს – ორივე ქვეშტამი, ე.წ. BA1 და BA2. ჩვენი კვლევებით, BA2-მა 75%-ით ცირკულირებს და სჭარბობს BA1-ს. BA2 ხასიათდება უფრო სწრაფი გადამდებლობით, მაგრამ ამავე დროს მას არ აქვს უფრო მეტი ვირულენტობა, ანუ უფრო მეტი აგრესიულობა. მაგრამ BA2 გარკვეულწილად ახანგრძლივებს პიკურ პერიოდს. ქვეყანა ახლა პიკშია, მაგრამ რამდენი ხანი გახანგრძლივდება ეს პიკი, ჩვენ ქცევაზე ბევრად არის დამოკიდებული – როგორ ვატარებთ პირბადეს, როგორ ავარიდებთ თავს დიდ თავშეყრებს, სადაც სუფრებია და კვებით მიმდინარეობს ეს დიდი თავშეყრები, ასევე, რამდენად უფრო აქტიურად გავიკეთებთ „ბუსტერს”. ამით შევძლებთ ნაკლები დაზიანებით გავიაროთ ეს მე-6 ტალღა“, – განაცხადა გამყრელიძემ.
რაც შეეხება აცრებს, როგორც გამყრელიძემ განმარტა, ვირუსის შემთხვევების მატების ფონზე ვაქცინაციის მაჩვენებელმა მოიკლო.
„გარდა იმ მრავალი მიზეზისა, რაზეც ვსაუბრობდით, სხვა მიზეზიც დაემატა – აქტიური შემთხვევების რაოდენობა რომ მაღალია ქვეყანაში, ბევრია კონტაქტირებული ადამიანი და აცრებზე მიმართვიანობა არ არის. დღევანდელ ვითარებაში მთავარი მოწოდება არის „ბუსტერი”. 1 მილიონ 200 ათასი ადამიანია აცრილი და აქედან „ბუსტერიზებულია” დაახლოებით 180 ათასამდე ადამიანი, მეტი არა. აქცენტი უნდა გაკეთდეს „ბუსტერზე” და რეგულაციებზე. პირბადის ტარების მაჩვენებელი ახლა 65%-ზეა „ჰელსმეტრიკის“ კვლევებით, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. გვინდა , რომ ეს მაჩვენებელი 95%-ზე იყოს. ასე თუ იქნება, ნაკლები ადამიანი დაინფიცირდება და ნაკლები იქნება შემთხვევებიც და შესაბამისად, სიკვდილიანობაც მოიკლებს“, – განაცხადა გამყრელიძემ.