დღეისთვის, „ომიკრონი“ განიხილება, როგორც ყველა მუტაციას შორის, ყველაზე მაღალი რეინფიცირების უნარის მქონე ვირუსი. მისი გავრცელების ერთ-ერთი დამახასიათებელი, სწორედ რეინფიცირებაა, – ამის შესახებ „იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს“ სამედიცინო დირექტორმა, თსსუ-ის პროფესორმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა.
როგორც ჩხაიძე საქართველოს მაგალითზე განმარტავს, სავარაუდო რეინფიცირების რაოდენობა ქვეყანაში არის 10 997.
„პანდემიის პირველი წლის განმავლობაში, როდესაც ვირუსის ჩინური ვარიანტი ცირკულირებდა, მსოფლიოში დაფიქსირებული იყო 114 შემთხვევა. კორონავირუსი განიხილებოდა, როგორც ნაკლებად რეინფიცირების უნარის მქონე ვირუსი და გარკვეულწილად ეს ნიშნავდა, რომ თუ ერთხელ გადაიტანეთ კორონავირუსი, იმუნიტეტი გაქვთ საკმაოდ ხანგრძლივი. თუმცა ეს ყველაფერი შეცვალა „ომიკრონმა“. დღეისათვის „ომიკრონი“ განიხილება ყველა მუტაციას შორის, ყველაზე მაღალი რეინფიცირების უნარის მქონე ვირუსი. არც ერთი სხვა ვარიანტი, მათ შორის „დელტა“ არ წარმოადგენს დაბრკოლებას „ომიკრონისთვის“. მისი გავრცელების ერთ-ერთი დამახასიათებელი თავისებურება სწორედ რეინფიცირებაა. საქართველოში ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, ზუსტად აღვნიშნოთ, რამდენი არის საეჭვო, რამდენი არის დადასტურებული შემთხვევა. ეს ციფრები გამოქვეყნებული იყო დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ცენტრის მე-8 გადახედვის მასალებში, სადაც ცალკე თავი ეძღვნება რეინფიცირებას. ეს არის პანდემიის მიმდინარეობისას, პირველი შემთხვევა, როდესაც რეინფიცირების დეტალური ანალიზია წარმოდგენილი ქვეყანაში. ამ მონაცემებიდან გამომდინარე, სავარაუდო რეინფიცირების რაოდენობა ქვეყანაში არის, 10 997 შემთხვევა. ეს არის შესაძლო რეინფიცირება, თუმცა აქედან, 46 შემთხვევაში არის სექვენირება ჩატარებული. რეინფიცირება არის განსხვავებული ტიპის ვირუსით ინფიცირება, ამიტომ ვირუსის დეტალური ანალიზი, ე.წ. სექვენირება ამ შემთხვევაში არის აუცილებელი. დღეისათვის, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებულია, რეინფიცირების მხოლოდ 16 შემთხვევა, რაც ზუსტად შეესაბამება მსოფლიოში არსებულ მდგომარეობას.
მსოფლიოში ოფიციალურად დადასტურებულია 554 შემთხვევა, საეჭვო შემთხვევები კი-მილიონზე მეტია. მწვავე ფაზის დასრულების შემდეგ, ეს შეიძლება ყოფილიყო 6-8 თვე, ადამიანი იქნებოდა დაცული. „ომიკრონმა“ ეს სრულიად შეცვალა. დღეისათვის, არცერთი ადამიანი, რომელსაც აქვს გადატანილი ნებისმიერი მუტაციის კორონავირუსი, არ ითვლება დაცულად“, – განაცხადა ჩხაიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციაზე.
ამასთან, როგორც ჩხაიძე დასძენს, რეინფიცირებისგან თავის დასაცავად უმჯობესია, გამოვიყენოთ „რესპირატორი“ ნიღაბი, რომლის გამოყენებაც 4-6 საათზე უფრო ხანგრძლივადაც შეიძლება.
„ბოლო კვლევები მიუთითებს, რომ ჩვეულებრივი ქირურგიული ნიღაბი „ომიკრონის“ შემთხვევაში 60%-მდეა დაცვის უნარის მქონე. ის ნიღაბი, რომელიც უფრო მაღალი დაცვის მქონე არის, ე.წ. რესპირატორი N95, იქ დაცვის მაჩვენებელი 85%-მდეა. თუ ჩვენ ნიღაბს ვატარებთ და გვინდა, რომ ნიღბის საშუალებით ვიყოთ დაცული, უმჯობესია, რომ გამოვიყენოთ ეს ნიღაბი, „რესპირატორი“. შეგიძლიათ, ეს ნიღაბი გამოიყენოთ უფრო ხანგრძლივად, 2-3 დღეც კი შესაძლებელია“, – განაცხადა ჩხაიძემ.