ეკონომისტი პაატა ბაირახტარი „მწვანე პასპორტის“ სავალდებულო მოთხოვნის გაუქმებასთან დაკავშირებით კომენტარს jandacva.ge-სთან აკეთებს. მისი თქმით, საკითხს სამედიცინო მიმართულებით ვერ შეაფასებს, თუმცა, მისი აზრით, ტექნიკურ-ეკონომიკური მიმართულებით ნათელი იყო, რომ ეს ღონისძიება თავიდანვე არასწორად გატარდა.
„მხედველობაში მაქვს ამ ე.წ. “მწვანე პასპორტების” კონცეფცია და იდეა. ანუ, პასპორტების იდეა უნდა ყოფილიყო ის, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი აცრილიყო. ამ სისტემას უნდა წაეხალისებინა ისეთი ადამიანები, ვინც აცრას მანამდე სხვადასხვა მიზეზით თავს არიდებდნენ. ამისთვის, საჭირო იყო “მწვანე პასპორტები” ეტაპობრივად დანერგილიყო ყველა მიმართულებით, რათა ადამიანებს მისი არქონის გამო დისკომფორტი გასჩენოდათ. ასე იქცევა მთელი ევროპა დაწყებული საფრანგეთიდან დამთავრებული სხვა ქვეყნებით, ესაა იდეა და ტაქტიკა ამ პასპორტების.
ჩვენ კი რა გავაკეთეთ?! ავამუშავეთ “მწვანე პასპორტები” და მისი გამოყენება მხოლოდ კვების ობიექტებში იყო სავალდებულო. თითქოს, მხოლოდ ეს დაწესებულებები ავრცელებდნენ ვირუსს. ცხადია ამ სისტემამ ვერ იმუშავა და ვერც იმუშავებდა. რესტორანი არაა ის ადგილი, რასაც მოსახლეობა ყოველდღიური საჭიროებისთვის იყენებს. მეორე საკითხია, რამდენად იყო მოწესრიგებული აღსრულებისა და კონტროლის ნაწილი, თუმცა ამას ახლა არ შევეხები.
ამ ყველაფერს დავუმატეთ ისიც, რომ მწვანე პასპორტებს ვურიგებდით ყველას, ვისაც კი გადატანილი ჰქონდა ეს ვირუსი. მარტივად რომ ვთქვათ, ადამიანებს იმხელა ლავირების საშუალება დავუტოვეთ, რომ საზოგადოებაში აუცრელობა უფრო წავახალისეთ, ვიდრე ვაქცინაცია. არადა როგორც გითხარით, ამ რეგულაციის მიზანი ის უნდა ყოფილიყო, რომ აუცრელ ადამიანებს დისკომფორტი გასჩენოდათ.
ერთადერთი, რაც ამ პასპორტებმა მოიტანა, არის ის, რომ კონკრეტულ ბიზნესებს შეუქმნა პრობლემები და ეკონომიკა შეაფერხა. მე თქვენთან ინტერვიუში რამდენიმე ხნის წინ ვთქვი, რომ ეს მექანიზმი ამ სისტემით ვერ ამართლებდა და ის გასაუქმებელი იყო. დღესაც ამ აზრზე ვარ და მივესალმები ნებისმიერი არაქმედითი და უგუნური რეგულაციის გაუქმებას,“- განაცხადა ბაირახტარმა.
„ომიკრონის“ გავრცელების სწრაფი ტემპისა და ვირუსის სუსტი მიმდინარეობის, ასევე მსოფლიო პრაქტიკის გათვალისწინების არგუმენტით, „მწვანე პასპორტის“ მოთხოვნის ვალდებულება უქმდება, – აღნიშნული გადაწყვეტილება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა.