აცრილებისთვის ინფიცირების შემთხვევაში იზოლაციის ვადა 5 დღემდე უნდა შემცირდეს, როგორც ეს ამერიკამ გააკეთა. აუცრელებისთვის კი ეს პერიოდი ისევ 8 დღე უნდა იყოს. ამის შესახებ სადაზღვევო კომპანია “გლობალ ბენეფიტს ჯორჯიას” გენერალური დირექტორი ნინო კობახიძე აცხადებს. მისი თქმით, სხვა შემთხვევაში კი მივიღებთ იმას, რაც უკვე გავიარეთ და რისი ნიშნები ახლაცაა – ცარიელი ოფისები და ცარიელი ბიზნესები.
ნინო კობახიძის თქმით, ასეთი ცვლილება იქნება მოტივაცი აცრისთვის და ეს იქნება აცრის მექანიზმის გაუმჯობესება, რადგან აცრილ ადამიანს შეეძლება 5 დღის შემდეგ გავიდეს გარეთ.
ამასთან, კობახიძე ამბობს, რომ საზოგადოებამ უნდა იცოდეს გარდაცვალების შემთხვევებში რამდენი მოდის ომიკრონზე და რამდენი – დელტაზე.
„უნდა ვმართოთ სტრესი, რომელიც გამოწვეულია ჩვენს მოსახლეობასა და მედპერსონალში. უნდა მივაწოდოთ მათ სწორი ინფორმაცია, თუ როგორია მიმდინარეობა ომიკრონის შემთხვევაში, ეს სტატისტიკა უნდა არსებობდეს. ამით დავწევთ პანიკას,“ – აცხადებს კობახიძე.