ქვეყანაში შექმნილ ეპიდვითარებასთან დაკავშირებით „ევექსი კლინიკები“ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ანღნიშნულია, რომ ომიკრონის შტამით ინფიცირების შემთხვევები ძალიან სწრაფი ტემპით იზრდება. ამ ეტაპისთვის, მკვეთრად არის მომატებული პირველადი ჯანდაცვის მომსახურებებზე მომართვიანობა.
„ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდა თავისთავად იწვევს ექიმთან მოქალაქეების მიმართვიანობის მატებას, რის გამოც ექიმების სამუშაო გრაფიკი ძალიან გადატვირთულია. მომატებულია COVID კვლევების, როგორც ანტიგენ, ისე – PCR ტესტების ჩატარების მსურველთა რიცხვი, რის გამოც მომხმარებლებს საშუალოდ 2-საათიან რიგში უწევთ დგომა. გაზრდილია ცხელ ხაზზე მომართვიანობა, რის გამოც ოპერატორთან დასაკავშირებელი მოლოდინის პერიოდი გახანგრძლივდა.
აღნიშნული ვითარების გათვალისწინებით, რასაც ემატება კლინიკების პერსონალის ინფიცირების მაჩვენებლის ზრდა, ევექსი კლინიკები საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობს და კიდევ ერთხელ მოგაწვდით ინფორმაციას ჩვენი მომსახურებების, გრაფიკისა და, ზოგადად, კორონავირუსის შესახებ.
Covid 19-ის ტესტირების ჩატარება შესაძლებელია ცოცხალი რიგით, ევექსი კლინიკების როგორც თბილისის, ასევე რეგიონის ფილიალებში.
თბილისში სწრაფი ტესტის ჩატარება შესაძლებელია ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:00-დან 17:00-მდე, შაბათს 09:00-დან 14:00-მდე.
PCR ტესტის ჩატარება თბილისის ფილიალებში შესაძლებელია ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00-დან 14:30-მდე, შაბათს 10:00-დან 12:00-მდე.
ვაჟა-ფშაველას #40-ში მდებარე პოლიკლინიკაში ტესტირების ჩატარება შესაძლებელია ყოველდღე 24/7-ზე, თავხელიძის #1-ში მდებარე ვაქცინაციის ცენტრში 09:00-18:00-მდე, სპორტის სასახლესთან მდებარე ევექსმობილში ტესტირება ტარდება ყოველდღე 09:00-18:00 საათებში.
ანტიგენ ტესტი საქართველოს მოქალაქეებისთვის უფასოა. რაც შეეხება უფასო PCR ტესტს, ამისთვის საჭიროა ოჯახის ექიმის მიმართვა ან ფორმა-100/ა. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ PCR ტესტზე მიმართვის მიღება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ უარყოფითი ანტიგენ ტესტის ჩატარებიდან გასულია არაუმეტეს 7 დღისა და, ამასთანავე, აღგენიშნებათ Covid-19-ისთვის დამახასიათებელი სიმპტომები. სხვა შემთხვევაში, PCR ტესტირება ფასიანია.
PCR ტესტის პასუხი გაიცემა 24-48 საათის განმავლობაში როგორც ქართულ, ასევე – ინგლისურ ენაზე.
ევექსი კლინიკების რეკომენდაციაა, რომ შევინარჩუნოთ უსაფრთხო გარემო და ავირიდოთ ინფექციის გავრცელება. პრევენციის საუკეთესო საშუალებებია ქირურგიული ნიღბის სწორად ტარება, ხელების ხშირი დაბანა და რაც მთავარია, ვაქცინაცია (განსაკუთრებით – ბუსტერული დოზა), რომელიც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს დაავადების განვითარების შემცირებას.