მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » შემთხვევების კატასტროფული ზრდა მაქსიმუმ ერთ კვირაში დასრულდება – ციციშვილის კლინიკის დირექტორის პროგნოზი

შემთხვევების კატასტროფული ზრდა მაქსიმუმ ერთ კვირაში დასრულდება – ციციშვილის კლინიკის დირექტორის პროგნოზი

ინფიცირების დღიური შემთხვევების მკვეთრი ზრდა, როგორიც ახლა გვაქვს, შესაძლოა, ერთი კვირაც არ გაგრძელდეს და სიტუაცია დასტაბილურდეს, გავიდეთ „პლატოზე“ – ამ პროგნოზს ციციშვილის ბავშვთა კლინიკის დირექტორი დავით რეხვიაშვილი აკეთებს.

მისი თქმით, ციციშვილის კლინიკაში მიმართვიანობა გაზრდილია, თუმცა ზრდის ტენდენცია აღარ გრძელდება და ახლადშესული პაციენტების რაოდენობა ერთ ნიშნულზეა დასტაბილიზებული.

„არის წონასწორობა მიღებასა და გაწერას შორის. ამის მთავარი მიზეზი ახალი პროტოკოლია, რომელიც ჰოსპიტალიზაციის მიმართულებით დაიდო და რომლის თანახმად ჰოსპიტალიზაცია მიზნობრივად უნდა მოხდეს. მიზნობრივი მომართვიანობის ფონზე კი დატვირთვა არის სტაბილური, რადგან ომიკრონი მძიმედ არ მიმდინარეობს და 3 დღეში ხდება სტაბილიზაციით მკურნალობის ბინაზე გაგრძელება, რათა ბავშვები დიდხანს არ იყვნენ სტრესულ გარემოში,“ – განაცხადა რეხვიაშვილმა.

მისი თქმით, ახალი რეგულაციით, ჰოსპიტალიზაციას ძირითადად რისკჯგუფებში შემავალი ბავშვები ექვემდებარებიან. საუბარია ქრონიკული დაავადებების, მათ შორის დიაბეტის, ასევე ნევროლოგიური პრობლემების მქონე მოზარდებზე, ასევე ისეთ შემთხვევებზე, როდესაც ცხელება 3 დღეზე მეტხანს ნარჩუნდება.

რაც შეეხება ქვეყანაში არსებულ ეპიდსიტუაციას, ციციშვილის კლინიკის დირექტორი ამბობს, რომ ინფიცირების შემთხვევების დრამატულ ზრდას ალბათ ზღვარი აქვს, მისივე პროგნოზით, უახლოეს მომავალში ქვეყანაში შეიქმნება იმუნური ფენა და გადადების ჯაჭვიც გაწყდება.

„კარგი იყო, იმუნური ფენა აცრებით და ბუსტერით შექმნილიყო, მაგრამ ახლა ეს ბუნებრივი გზით ხდება.  ინფიცირებულები იზოლირებულები არიან, გავრცელების წყარო აღარ იქნება და ზრდის ტენდენცია შეწყდება. ამასთან, გაიზარდა პირბადის ტარების მაჩვენებელი. მოსახლეობამ მეტი ყურადღებით დაიწყო თავის დაცვა და ჩემი აზრით, მაქსიმუმ შეიძლება 1 კვირა ველოდოთ შემთხვევების ზრდას, რის შემდეგაც ლატოს მივაღწევთ. შეიძლება ერთი კვირაც არ გაგრძელდეს ასეთი კატასტროფული მატების პერიოდი,“- განაცხადა დავით რეხვიაშვილმა.

რაც შეეხება ციციშვილის კლინიკას, იქ ახლა 20 კოვიდპაციენტი რეანიმაციაში იმყოფება, სამის მდგომარეობა ისევ კრიტიკულია.

იხილეთ ასევე

ბიძინა კულუმბეგოვი: ჩვეულებრივი ნიღაბი „კრაკენისგან“ ვერ დაგვიცავს

ომიკრონის ახალი შტამის, „კრაკენის“ მოსალოდნელი დომინანტობის მიუხედავად, მსოფლიოს კორონავირუსის ახალი, მძიმე ტალღა, როგორიც წინა პერიოდებში …