„ომიკრონის“ ცირკულაცია მომავალი ორი კვირის განმავლობაში ქვეყანაში გაიზრდება. ვირუსის შემთხვევათა რაოდენობა კიდევ მეტი გვექნება, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირა გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, ახალი შემთხვევების უმრავლესობა „ომიკრონის“ შტამს წარმოადგენს.
„დღეს გამოვლენილია 15 000-ზე მეტი შემთხვევა, მაგრამ რეალურად, სამი-ოთხჯერ მეტი უნდა ვიანგარიშოთ. მთავარი გზავნილია, რომ თუ გეწყება რესპირაციული ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები, ხველა, თავის ტკივილი, სურდო, ტემპერატურის მომატება, საჭირო არაა, რომ რამდენიმე ადგილზე დაიტესტოთ და დარწმუნდეთ, გაქვთ თუ არა კორონავირუსი. მით უმეტეს გაქვთ თუ არა შტამი, დიდი ალბათობით, უნდა თქვათ, არის „ომიკრონი“, რადგან 90 პროცენტში ცირკულირებს „ომიკრონის“ შტამი. უნდა დარჩეთ სახლში, დაურეკოთ 122-ს. დაახლოებით 90 პროცენტში დაავადება ჩაივლის სიმპტომების გარეშე ან მცირე სიმპტომებით. რაც მთავარია, იყავით მშვიდად“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მან ასევე აღნიშნა, რომ დღევანდელი მონაცემებით ქვეყანაში „ომიკრონის“ 1 600 შემთხვევაა დადასტურებული და აქედან ჰოსპიტალიზაცია მხოლოდ 16-ს დასჭირდა.
„1 600 შემთხვევიდან მხოლოდ 16-ს დასჭირდა ჰოსპიტალიზაცია, იქიდან 13 სწრაფად გაეწერა, მაგრამ ამან არ უნდა დაგამშვიდოს, განსაკუთრებით ის ჯგუფები, სადაც მომატებული რისკია. „ომიკრონის“ შემთხვევაში ინფიცირებულია ძირითადად ახალგაზრდა ასაკის ადამიანები, მაგრამ ინფიცირების ზრდასთან ერთად, შესაძლოა, გადავადდეს უფრო მოზრდილ ასაკზეც“, – აღნიშნა გამყრელიძემ.