დიაბეტის მქონე ბავშვები და მათი მშობლები ამ დრომდე ელოდებიან სპეციალური სენსორული აპარატების მიღებას, რომელიც სისხლში გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგის საშუალებას იძლევა. მშობლები აცხადებენ, რომ გასულ წელს ჯანდაცვის სამინისტროსგან მიიღეს დაპირება, რომ აპარატებს 2022 წლის იანვრიდან მიიღებდნენ, თუმცა ამ მოწყობილობებს დღემდე უშედეგოდ ელოდებიან.
მათივე თქმით, უწყებასთან კომუნიკაცია გართულებულია და იციან მხოლოდ ის, რომ აპარატების შეძენაზე ტენდერი ჯერ არ გამოცხადებულა. ამიტომ მშობლები შიშობენ, რომ აპარატებს კიდევ 3-4 თვის განმავლობაში ვერ მიიღებენ, რაც ბავშვებისთვის სერიოზულ პრობლემებს შექმნის.
„18 წლამდე დიაბეტი ტიპი ერთი დაავადებულ პაციენტებს „სიჯიემ“ სისტემები უნდა მიეღოთ იანვრიდან. ამის შესახებ პირობა ჯანდაცვის სამინისტრომ მოგვცა. მაგრამ სამწუხაროდ დღესაა იანვრის ბოლო და პირობა შეუსრულებელია.
მშობლებმა მივმართეთ ჯანდაცვის სამინისტროს – გვაინტერესებდა, როდის იგეგმებოდა ბენეფიციარების აღნიშნული სისტემით უზრუნველყოფა. ასევე გვაინტერესებდა, გამოცხადდებოდა ტენდერი თუ სახელმწიფო პირდაპირი შესყიდვის გზით მოახდენდა მათ შეძენას. ასევე გვაინტერესებს, სად აკუმულირდება სულ მინიმუმ იანვრის აუთვისებელი თანხა. ამ კითხვებით ჯანდაცვის სამინისტროს არაერთხელ მივმართეთ, თუმცა მათგან კონკრეტული პასუხი სამწუხაროდ არ მიგვიღია,“- აცხადებს „მშობლების ორგანიზაცია ტიპი 1 დიაბეტისთვის” წარმომადგენელი სოფო ბუთბაია.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით კი, ბავშვები ამ აპარატს შესყიდვის პროცედურების შემდეგ მიიღებენ, თუმცა თამარ გაბუნია კონკრეტულ ვადებს ვერ ასახელებს.
„სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში წელს განისაზღვრა დიაბეტით დაავადებული ბავშვებისთვის სპეციალური აპარატების შეძენა, რომელიც მისცემს მათ სისხლში შაქრის დონის ავტომატური კონტროლის საშუალებას. ყველა ვთანხმდებით, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია და სწრაფად მოხდება ბუნებრივია შესყიდვა. იანვარში დამტკიცდა პროგრამა და ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს უკვე დაწყებული აქვს მოკვლევა და შესყიდვის პროცედურები. პროცედურების გავლა მნიშვნელოვანია და ის დრო და ეტაპები, რაც დასჭირდება ამ ყველაფერს და რაც სჭირდება შესყიდვას, აუცილებლად უნდა გავიაროთ. ამდენად, ვეცდებით ეს იყოს უმოკლეს დროში და ბავშვებმა დროულად მიიღონ ის აპარატები, რაც რეალურად მათ სჭირდებათ და რის საჭიროებაზეც ჩვენ ვთანხმდებით,“- აცხადებს თამარ გაბუნია. კითხვაზე კი, რა ვადაში მიიღებენ ბავშვები ამ აპარატებს, ამბობს, რომ კონკრეტული ვადა დამოკიდებული იქნება შესყიდვის ვადებზე და ეტაპებზე. „ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო ახლა არის დაგეგმვის პროცესში და შეეცდება, ეს მინიმალურ ვადაში გააკეთოს,“ – აღნიშნავს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე. ამასთან, გაბუნიას არ აქვს ინფორმაცია, გამოცხადდა თუ არა ტენდერი აპარატების შესაძენად.