კოვიდ 19-ის გადატანის შემდეგ დაწესებული იზოლაციის ვადების შემცირების მიუხედავად, კოვიდპასპორტში პირს მწვანე სტატუსი დადასტურებიდან მხოლოდ 14 დღის გასვლის შემდეგ ენიჭება, როგორც ეს იზოლაციის ვადების ცვლილებამდე იყო.
აღნიშნული მოქალაქეებში გაუგებრობას იწვევს, რადგან ფიქრობენ, რომ „მწვანე“ სტატუსის ვადები იზოლაციის ვადებს უნდა ემთხვეოდეს. როგორც ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, იზოლაციის ვადების შემცირება კოვიდპასპორტის წესებს არ შეეხო, რადგან, იზოლაციის ახალი წესების თანახმად, ადამიანს იზოლაციის დასრულების შემდეგ 5 დღის განმავლობაში პირბადის ტარება მოეთხოვება, რისი შესრულებაც კვების ობიექტის შემთხვევაში შეუძლებელია. ამიტომ სისტემა ადამიანს კოვიდის დადასტურებიდან მხოლოდ 14 დღის და არა 8 ან 10 დღის შემდეგ „ამწვანებს“.
შეგახსენებთ: 17 იანვრიდან ასიმპტომური და მსუბუქი შემთხვევებისთვის იზოლაცია კარანტინისთვის დაწესებული ვადები რვა დღე გახდა. ამასთან, სიმპტომების ალაგებიდან უნდა იყოს გასული სულ მცირე 24 საათი და იზოლაციის დასრულებიდან მომდევნო ხუთი დღის განმავლობაში მკაცრად რეკომენდებულია ნიღბის ტარება.
საშუალოდ და მძიმედ მიმდინარე შემთხვევებისთვის სულ მცირე არის 10 დღე ვადა და სახეზე უნდა იყოს სიმპტომების მკვეთრი გაუმჯობესების დინამიკა უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში. ამ შემთხვევაშიც იზოლაციის დასრულებიდან მომდევნო ხუთი დღე მკაცრად რეკომენდებულია ნიღბის ტარება.