საღმზრდელო სასწავლო წლის განახლებიდან, 17 იანვრიდან დღემდე, კოვიდ 19 თბილისის 16 საბავშვო ბაღში დაფიქსირდა. არსებული გაიდლაინების თანახმად, 4 ბაღი სრულად დაიკეტა, 12 კი წერტილოვნად. ინფორმაცია jandacva.ge-ს თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოდან მიაწოდეს. შეგახსენებთ, რომ განახლებული რეკომენდაციების თანახმად, კოვიდინფექციის დადასტურების შემთხვევაში მთელი ბაღი აღარ იხურება და იზოლაციაში გადასვლის გადაწყვეტილებას ბაღის ადმინისტრაცია ეპიდემიოლოგიურ სამსახურთან შეთანხმებით, შემთხვევების განხილვის შედეგად იღებს.
რაც შეეხება სკოლებს, მიმდინარე კვირაში ონლაინსწავლებაზე გადასვლის სურვილი საჯარო სკოლების 23 869 მოსწავლის მშობლებმა გამოთქვეს, რაც დღემდე, ერთი კვირის ჭრილში რეკორდული მაჩვენებელია.
განათლების სამინისტროს განმარტებით, ამ მონაცემში არ შედიან იმ კლასების მოსწავლეები, რომლებიც ინფექციის დადასტურების შემთხვევაში დაიხურა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო კვირის ბოლოს გაავრცელებს.
ამასთან, ონლაინსწავლების ფორმის გაუქმების შესახებ განცხადება 4 842-მა მშობელმა შეიტანა.
შეგახსენებთ, რომ მოსწავლეების მშობლებს 2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრშიც აქვთ შესაძლებლობა, გააკეთონ არჩევანი დასწრებითი და დისტანციური სწავლების ფორმას შორის.
ონლაინ სწავლებაზე განაცხადის შევსება/რეგისტრაციის გაუქმება შესაძლებელია ყოველ ხუთშაბათს 00:00 – 18:00 საათის შუალედში.