ყველაზე ახალი კვლევით, რომელიც 2018 წლის მდგომარეობას ასახავს, საქართველოში ფსიქიკური აშლილობის მქონე 76508 ადამიანი იყო დარეგისტრირებული. მათგან 3217 ბავშვი და მოზარდია.
ამის შესახებ საქართველოს 2022 − 2030 წლების ფსიქიკური ჯანმრთელობის სტრატეგიაშია ნათქვამი, რომელიც პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმოწერით დამტკიცდა.
სტრატეგიის თანახმად, საქართველოში მოზრდილებისთვის 11, ბავშვებისა და მოზარდებისთვის კი 1 სტაციონარული დაწესებულება ფუნქციონირებს,სადაც 1200-მდე საწოლია.
პრევალენტობის საერთაშორისო კვლევის თანახმად, ბავშვთა და მოზარდთა სულ მცირე 17,6%-ს აწუხებს ფსიქიკური აშლილობები და მოზარდების 20% შეიძლება განიცდიდეს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებს.
რაც შეეხება საქართველოს, სტრატეგიაში ვკითხულობთ, რომ საქართველოს მოსახლეობის სულ მცირე 5%-ს აღენიშნება ისეთი ფსიქიკური აშლილობა, რომელიც შესამჩნევია ოჯახის წევრებისა და მეგობრებისთვის და რომელიც გავლენას ახდენს მათ საქმიანობაზე. ქვეყნის მოსახლეობის 2%-ს ბოლო 12 თვის განმავლობაში აღენიშნება შფოთვითი აშლილობის ზოგადი სიმპტომები. ერთი წლის მანძილზე პოპულაციის სულ მცირე 4,5%-ს ჰალუცინაციები, 1,6%-ს ბოდვითი აზრები, ხოლო 1,6%-ს ფსიქოზური განცდები გამოუვლინდა.
კვლევის თანახმად, საქართველოში მაღალია სუიციდური ფიქრების სიხშირე და თანაბარია კაცებსა და ქალებში (14%), ეს მაჩვენებელი ახლოსაა სუიციდის ყველაზე მაღალ მაჩვენებელთან ევროპაში (საფრანგეთი, გერმანია).
ამასთან, მოსახლეობის მხოლოდ 1%-მა აღნიშნა, რომ ჰქონდა თვითმკვლელობის მცდელობა (1,3% კაცებში და 0,8% ქალებში), რაც სხვა ქვეყნებთან შედარებით დაბალი მონაცემია. თუმცა გამოკითხულთა 1,7%-მა ამ შეკითხვაზე პასუხისგან თავი შეიკავა, რაც იმას ნიშნავს, რომ რეალური მაჩვენებელი შესაძლოა უფრო მაღალი იყოს.
რაც შეეხება ადიქციებს, საფრთხის შემცველ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებზე დამოკიდებულება საქართველოს მოსახლეობის თითქმის 11%-ს გამოუვლინდა.
ფსიქიკური ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამის დაფინანსება 2017 წლიდან იზრდება და 2021 წელს ბიუჯეტმა 28,9 მილიონი ლარი შეადგინა, რაც ჯანდაცვაზე სახელმწიფო დანახარჯების, 1,7%-ია. შედარებისთვის: საფრანგეთში ეს წილი 15%-ია, გერმანიაში 11%, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში კი 2-დან 5%-მდეა.
2022-2030 წლების სტრატეგიის პრიორიტეტებს შორისაა ბავშვთა და მოზარდთა ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა და მათი ოჯახების მხარდაჭერა, ამისთვის გათვალისწინებულია სპეციალიზებული ექთნების, კლინიკური ფსიქოლოგების, სოცმუშაკების გადამზადება. საქართველოს იმ ქალაქებში, სადაც მოსახლეობის რაოდენობა აღემატება 20 ათასს, შეიქმნება ბავშვთა და მოზარდთა ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრები. უფრო მცირერიცხოვან დასახლებულ პუნქტებში კი ბავშვთა და მოზარდთა საკონსულტაციო ცენტრები დაიწყებს ფუნქციონირებას.
სულ მცირე ბათუმსა და საქართველოს ერთ ან ორ დიდ რეგიონში შეიქმნება 3-4 საწოლიანი მწვავე, ე.წ. კრიზისული სტაციონარული განყოფილებები ბავშვებისთვის, სასურველია ისეთ ზოგადი პროფილის საავადმყოფოში, რომელსაც აქვს პედიატრიული განყოფილება და ამბულატორიული სერვისები.
სტრატეგიის საპროგნოზო ბიუჯეტი 3,5 მილიონი ლარია.
მათ შორის სახელმწიფო სახსრები 1,8 მილიონს შეადგენს.