პედიატრიულ კოვიდ-კლინიკებში მიმართვიანობა ყოველდღიურად იზრდება. ციციშვილის კლინიკის დირექტორის დავით რეხვიაშვილის განცხადებით, თუ გუშინწინ მათ დაწესებულებას 38-მა პაციენტმა მიმართა, გუშინ ეს რიცხვი უკვე 58 იყო. ჰოსპიტლის კოვიდ-განყოფილებაში 175 საწოლიდან 165 დაკავებულია. 30 პაციენტი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია, 3 პაციენტი კი ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა. მათ შორის არიან წლამდე და სასკოლო ასაკის ბავშვები. რეხვიაშვილი კონკრეტულ შემთხვევებში დამძიმების მიზეზებზე არ საუბრობს, თუმცა ამბობს, რომ მძიმე პაციენტებს შორის არიან როგორც ქრონიკული დაავადებების მქონე ბავშვები, ისევე მოზარდები, რომელთა მდგომარების დამძიმების მიზეზი მხოლოდ კოვიდინფექციაა. მისივე თქმით, ყველა პაციენტის ნიმუშის გამოკვლევა არ მიმდინარეობს, თუმცა, სავარაუდოდ, პაციენტებს შორის ომიკრონით ინფიცირებული ბევრია. მართალია, დელტასთან შედარებით ომიკრონის შემთხვევაში დამძიმების რისკი ნაკლებია, თუმცა მძიმე მიმდინარეობაც გვხვდება.
რეხვიაშვილის თქმით, თუ პაციენტების მიმართვიანობა კიდევ გაიზრდება, კლინიკას გაუჭირდება მათი მიღება და მართვა.
ექიმის განცხადებითვე, სტაციონარისადმი მიმართვიანობის ძირითადი მიზეზი ისაა, რომ მაღალი სიცხის დამწევს რთულად ექვემდებარება და მშობლების შეშფოთებასაც სწორედ ეს იწვევს. ამასთან, დავით რეხვიაშვილის განმარტებით, ასეთი სიმპტომატიკა საშუალოდ 3 დღე გრძელდება.
რაც შეეხება პაციენტების ვაქცინაციის სტატუსს, ციციშვილის კლინიკის დირექტორის თქმით, მათთან მოთავსებული არცერთი ბავშვი აცრილი არ ყოფილა, მშობლებიდან კი 20-ია ვაქცინირებული, რამდენიმეს კორონაინფექცია დადასტურებული აქვს, თუმცა მიმდინარეობა მსუბუქია, დანარჩენებს კი, შვილების ინფიცირების მიუხედავად, კოვიდ 19 არ აქვთ.